მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნენსკრაჰესის” დასრულების თარიღმა 2025 წლისთვის გადაიწია

6018238073d1e
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.21 20:02
1315
"ნენსკრაჰესის” დასრულების თარიღმა 2025 წლისთვის გადაიწია. თავდაპირველად პროექტის დამთავრების თარიღად 2020 წელი განიხილებოდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დაწყების გაჭიანურების გამო, გადაიწია.

პროექტის განხორციელების გადავადების შესახებ სს “ნენსკრა ჰიდროს” ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.

“თავდაპირველი ვადებით, მმართველობა ელოდებოდა, რომ პროექტის ამუშავება მოხდებოდა 2020 წელს, თუმცა, 2018 წელს EPC Contract-ის შეწყვეტის გამო, პროექტის გაშვება გადაიდო 2025 წელს,” - ნათქვამია დოკუმენტში.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს. ერთობლივი კომპანია 2015 წელს დაფუძნდა.

$280 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს.

დღესდღეობით, საქართველო ზამთარში, განსაკუთრებით ნოემბერ–იანვარში ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის, რადგან მდინარეებში წყლის დონე იკლებს, შიდა ენერგომოხმარება კი, იზრდება. ამასთანავე, ყოველწლიურად მატულობს იმპორტირებული ელექტროენერგიის ოდენობა. ახალი ელექტროსადგური საქართველოს სწორედ აღნიშნულ პერიოდში მისცემს იმპორტის შემცირების შესაძლებლობას.

პროექტის თანახმად, ნენსკრას კაშხლის სიმაღლე 125 მეტრი, სიგრძე კი 870 მეტრი იქნება. ის შექმნის 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს, 2.7 კმ² ზედაპირის ფართობით. მდინარე ნაკრაზე ასევე აშენდება 8.7 მ სიმაღლისა და 44.0 მ სიგრძის მცირე კაშხალი. 

“ნენსკრა ჰიდრომ” 2018 წელს - 21.6 მილიონი ლარის, 2019 წელს კი, 15.6 მილიონი ლარის ხარჯი გასწია.

BMG-იმ “ნენსკრა ჰიდროს” მიმართა კითხვებით, თუ როდის იგეგმება პროექტის მშენებლობის აქტიურ ფაზაზე გადასვლა. მკითხველს კომპანიის პასუხს მიღებისთანავე შევთავაზებთ.