მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nestle ყავის ეკო-მეგობრული წარმოებისთვის ფერმერებს ფინანსურად წაახალისებს - ბიუჯეტი $1 მლრდ

6480623fc0a60
სალომე ხიდურელი
07.06.23 15:45
486
საკვებისა და სასმლის მწარმოებელი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია Nestle ყავის ფერმერებს, რომლებსაც მარცვლები გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე მოჰყავთ, ნაღდ ფულს გადაუხდის. კომპანიის ცნობით, მათი ეს გადაწყვეტილება 2030 წლამდე სათბურის აირების ემისიების განახევრების გეგმის ნაწილია.

როგორც Reuters-ი იტყობინება, ფართო მოხმარების საქონლის მსხვილი მწარმოებლები რეპუტაციული თუ ლეგალური წნეხის ქვეშ დგანან, რის გამოც Nestle-ს მსგავსი კომპანიები გლობალურად მუშაობენ საკუთარი მიწოდების ჯაჭვის გასუფთავებაზე.

Nestle აპირებს, რომ 2030 წლამდე დახარჯოს $1 მილიარდი - ყავის ნედლეული მდგრადი წყაროებიდან მოიზიდოს და ფერმერთა შემოსავალიც გაზარდოს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Nestle-ს უკვე აქვს მოლაპარაკება განვითარებადი ქვეყნების 3 000-მდე ფერმერთან, რომლებსაც საკუთარი აგრარული საქმიანობის გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების სანაცვლოდ ნაღდ ფულს სთავაზობს.

2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყავის უმსხვილესი კომპანიები ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვით დაინტერესებული, ფაქტობრივად, არ არიან. მათთვის ყავის მიმწოდებელი ფერმერების უმრავლესობას კი მდგრადი წარმოებისთვის საკმარისი ფინანსები არ აქვთ.

ყავის სექტორი ყოველწლიურად $200-250 მილიარდადაა შეფასებული მაშინ, როცა ყავის მწარმოებელი ქვეყნები და ფერმერები ექსპორტით საერთო თანხის 10%-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ. არა-კომერციული ორგანიზაციების, Fairtrade-სა და Technoserve-ს ცნობით, ყავის ფერმერთა ოჯახების, დაახლოებით, 80% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.