მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გილაური საქართველოს მთავრობას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

5e773c0a0dde2
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.20 14:20
19266

საქართველოს ექს-პრემიერმა ნიკა გილაურმა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად, მის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის მიერ მომზადებული ანალიზი წარადგინა. გილაური აღნიშნავს, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, საქართველოს არათუ არსებული შოკის გავლენის მინიმიზაცია, არამედ, საშუალოვადიან პერიოდში რეგიონულ ეკონომიკაში საქართველოს როლის ზრდაც შეუძლია.

“დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიწია რამოდენიმე ქვეყნის მთავრობისთვის შეგვემუშავებინა ანტი-კრიზისული ეკონომიკური გეგმა და გადავწყვიტეთ გარკვეული იდეები და ფორმულები საქართველოზე გადმოგვეტანა და ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისიწნებით დაგვეწერა რეკომენდაციები / ფორმულები ქვეყნის ეკონომიკური ვარდნის თავიდან ასარიდებლად და სწრაფად კრიზისიდან გამოსასვლელად. მჯერა, ეს კრიზისი მსოფლიო ეკონომიკურ გადანაწილებას გამოიწვევს და ბევრ ქვეყანას ჩვენს რეგიონში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნება. თუმცა, ასევე ეს იქნება პერიოდი როდესაც ახალ გამოწვევებს ახალი შესაძლებლობებიც მოყვება და ამ შესაძლებლობების გამოყენება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავლისთვის. გვჯერა, რომ იმ ფორმულებს, რასაც ამ პრეზენტაციაში გთვაზობთ, შეუძლია როგორც დღევანდელი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება (ეკონომიკური ვარდნის ეფექტის მინიმიზაცია), ასევე 12-18 თვიანი პერიოდის შემდეგ სწრაფი ეკონომიკური რეაბილიტაცია და რეგიონში ქვეყნის ეკონომიკური როლის გაზრდა,”- ამბობს ნიკა გილაური. 

წარმოგიდგენთ Reformatics-ის მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმას საქართველოსთვის:

დოკუმენტი წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს მოკლე- და საშუალოვადიან ღონისძიებებს.

გეგმა მოიცავს კონკრეტული ზომების ერთობლიობას, რომელიც წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შეამცირებს გლობალური კრიზისით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს და უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ეკონომიკური ზრდა.

Reformatics-ის გუნდი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აქ წარმოდგენილი ანტიკრიზისული ღონისძიებები დროებითია და მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში უნდა იყოს გამოყენებული. ისინი არ უნდა წარმოადგენდეს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილს და უნდა გაგრძელდეს მხოლოდ კრიზისის დაძლევისათვის აუცილებელი ვადით. 

გეგმა მოიცავს როგორც მყისიერ ზომებს, რომლებიც ახლავე შეასუსტებს კრიზისის უარყოფით გავლენას ეკონომიკაზე, ასევე, წინადადებებს რომლებიც უზრუნველყოფს კრიზისის შემდგომ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას, ვალუტის და ინვესტიციების შემოდინებას და შესაძლოა ხელი შეუწყოს მსოფლიო ეკონომიკური გადანაწილების დროს, ქვეყნის უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და მისი ეკონომიკური მნიშვნელობის გაზრდას რეგიონში.



მიმდინარე კრიზისის ძირითადი მახასიათებლები

2008-2010 წლების ეკონომიკური კრიზისი საბანკო სექტორთან იყო დაკავშირებული და ეკონომიკური გაჯანსაღების ძირითად ინსტრუმენტს ბანკებში დამატებითი ფინანსური ინექცია წარმოადგენდა.

წინა კრიზისისგან განსხვავებით, წლევანდელი ეკონომიკური კრიზისი ორმაგი გამოწვევით ხასიათდება - როგორც მიწოდების (supply side) ასევე მოთხოვნის (demand side) ვარდნით, რაც ყველა ტიპის ბიზნესზე აისახება, განსაკუთრებით მტკივნეულად კი მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) შეეხება.

ანტიკრიზისული გეგმის მთავარი ამოცანები:  

  • უმუშევრობის ზრდის მინიმიზაცია;

  • საბანკო სექტორზე კრიზისის გავრცელების პრევენცია; 

  • ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების უზრუნველყოფა/შენარჩუნება და ამ გზით ლარის კურსის დასტაბილურება;

  • შესაძლო ეკონომიკური იზოლაციისათვის მომზადება;



ბიზნესის მხარდაჭერა

მხარდაჭერის ფორმებით ისარგებლებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც აიღებენ შემდეგ ვალდებულებებს:

  • შეინარჩუნებენ დასაქმებულთა სრულ რაოდენობას, ან შეამცირებენ მხოლოდ 10-20%-ს;

  • დასაქმებულთა ხელფასს შეამცირებენ არაუმეტეს 20%-ისა;  

  • საშეღავათო პერიოდში მსხვილი კომპანიები არ გაინაწილებენ მოგებას;

მხარდაჭერით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილმა კომპანიებმა

რადგან პირველადი მიზანი არის რომ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს (ვისაც არ აქვს სახელმწიფო სოციალური დახმარება და კერძო სექტორშია დასაქმებული) არ გაუნულდეს შემოსავალი, ამიტომ, შესაძლებელია მთავრობამ ყველა უხელფასო შვებულებაში გასულ ადამიანს დაუნიშნოს მინიმალური შემწეობის თანხა და პირდაპირ ანგარიშზე ჩაურიცხოს რასაც ზოგიერთი ქვეყანა ახორციელებს (ე.წ. helicopter money).

თუმცა, ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ამ რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მხარდაჭერა სახელმწიფომ კომპანიების გავლით ან ვაუჩერული მექანიზმით განახორციელოს (წარმოდგენილია პრეზენტაციაში). აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს კრიზისის ნეგატიური ეფექტის შემცირებას როგორც მოწყვლად მოსახლეობაზე, ასევე ბიზნეს სექტორზე.


მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა:
მორატორიუმი საგასადახადო ვალდებულებებზე


დროებითი მორატორიუმი SME-ის საგადასახადო ვალდებულებებზე ყველა ტიპის/სექტორის (და არა მხოლოდ ტურისტული სექტორის) ბიზნესისთვის.

საშემოსავლო გადასახადზე 0%-იანი განაკვეთის შემოღება შემდგომი 3-4 თვის განმავლობაში (გაგრძელების პერსპექტივით)  - შეღავათის გათვალისწინებით საგადასახადო შემოსავლები 2020 წელს შემცირდება მინიმუმ 0.93 მლრდ ლარით.

მორატორიუმი ქონების გადასახადზე 12 თვის განმავლობაში, ან საპროცენტო განაკვეთის შემცირება დროებით:

  • მორატორიუმი ქონების გადასახადზე (განსაკუთრებით მისი მიწის ნაწილის) ასევე მნიშვნელოვანია სოციალურ კონტექსტის გათვალისწინებით. 

  • შეღავათის გათვალისწინებით საგადასახადო შემოსავლები 2020 წელს შემცირდება მინიმუმ 0,5 მლრდ ლარით.

ამ მხარდაჭერის მთავარი მიზანია უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდის და მსყიდველობითუნარიანობის საგრძნობი შემცირების პრევენცია.


მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა:
საბანკო კრედიტები

ბანკებთან კომუნიკაცია საკრედიტო ვალდებულებების გადახდაზე განსაზღვრული პერიოდით მორატორიუმის შემოღებასთან დაკავშირებით.

მორატორიუმის შემოღება საკრედიტო ვალდებულებების გადახდაზე (ძირითადი თანხა და სესხის პროცენტი) 12 თვის განმავლობაში.

ახალ კრედიტებზე ნაწილობრივი გარანტია ეროვნული ბანკის მიერ

  • ეროვნული ბანკი სთავაზობს 75-80%-იან გარანტიას ყველა ახალ სესხს ლარში, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესი აიღებს შემდეგი 6 თვის მანძილზე;

  • ასეთი ტიპის გარანტია უნდა მოქმედებდეს მიზანმიმართულად, მხოლოდ ეკონომიკური აქტივობისთვის და არა სავალუტო ოპერაციებითვის და ეს ბანკებმა უნდა გააკონტროლონ;

  • ასეთი გარანტიის არსებობის პირობებში რისკი მინიმუმადე იქნებ შემცირებული და შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება;

  • ეს შეთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კარანტინის მოხსნის შემდეგ, რათა მცირე ბიზნესი დაუბრუნდეს ეკონომიკურ აქტივობას.

     



მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერა:

მორატორიუმი საგადასახადო ვალდებულებებზე

დროებითი მორატორიუმის გამოცხადება საგადასახადო ვალდებულებებზე ყველა ტიპის/სექტორის (და არა მხოლოდ ტურისტული სექტორის) ბიზნესისთვის.

საშემოსავლო გადასახადზე საპროცენტო განაკვეთის 50%-ით შემცირება შემდგომი 3- 4 თვის განმავლობაში (გაგრძელების პერსპექტივით) - შეღავათის გათვალისწინებით საგადასახადო შემოსავლები 2020 წელს შემცირდება მინიმუმ 0,54 მლრდ ლარით.
მორატორიუმი ქონების გადასახადზე 12 თვის განმავლობაში (გაგრძელების პერსპექტივით), ან საპროცენტო განაკვეთის შემცირება დროებით - მორატორიუმი ქონების გადასახადზე (განსაკუთრებით მისი მიწის ნაწილზე) ასევე მნიშვნელოვანია სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით.


ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს ნეგატიური ეფექტის შერბილებას და ფინანსური რესურსის აკუმულირებას ბიზნესში, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის განხორციელებისა და ინვესტირებისთვის.

მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერა:
მორატორიუმი საბანკო კრედიტებზე

ბანკებთან კომუნიკაცია საკრედიტო ვალდებულებების გადახდაზე განსაზღვრული პერიოდით მორატორიუმის შემოღებასთან დაკავშირებით.

მორატორიუმის შემოღება კრედიტის ძირის გადახდაზე 12 თვის განმავლობაში.

ხელს შეუწყობს ნეგატიური ეფექტის შერბილებას და ფინანსური რესურსის აკუმულირებას ბიზნესში, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის განხორციელებისა და ინვესტირებისთვის.

SME-ს და მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერა

დროებითი მორატორიუმის შემოღება სახელმწიფოსადმი ე.წ. მარეგულირებელ ვალდებულებებზე:

  • პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება, მაგალითად, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლებს;

  • ირიბი ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება საანგარიშგებო მოთხოვნებს, მაგალითად, აუდიტორული დასკვნების წარდგენა,რაც მოითხოვს დამატებით დანახარჯებს.

საგადასახადო ამნისტია:

  • ნებისმიერი კომპანია, რომელიც გადაიხდის დავალიანების ძირის 10-20%-ს, მოეხსნას ყველა ძველი ვალდებულება საგადასახადოს წინაშე;  

  • ხელს შეუწყობს კომპანიების გასუფთავებას და ასევე შეიძლება იქცეს საბიუჯეტო შემოსავლების ერთ-ერთ წყაროდ;  

  • კომპანიები, რომლებიც ამ ამნისტიას გამოიყენებენ, ვერ ჩაერთვებიან ეროვნული ბანკის საკრედიტო გარანტიის პროგრამაში, რომელიც მოცემულია წინა სლაიდებზე.


საპენსიო შენატანების განულება 12 თვით

  • დაუზოგავს ფინანსურ რესურს კერძო სექტორს და ფიზიკურ პირებს  ჯამში 0.4 მლრდ ლარს. 

  •  დაუზოგავს ფინანსურ რესურს სახელმწიფოს - 0.2 მლრდ ლარს.

     


"ფიუჩერსული" სასაჩუქრე ვაუჩერების შესყიდვა მთავრობის მიერ

მთავრობის მიერ სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენა სასტუმროებისა და რესტორნებისგან შემდეგი 5 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად ამ ობიექტების სახელფასო ფონდის 50%-ის ოდენობით.

მთავრობა ახლა აძლევს თანხას ტურისტულ ბიზნესს (მცირესაც და დიდსაც), რათა მოხდეს ამ სექტორში დასაქმებულთათვის 50%-იანი შემოსავლის შენარჩუნება მაინც და ამის საფასურად მისგან ყიდულობს სასაჩუქრე ვაუჩერებს, რომლის გამოყენება შესაძლებელია შეძენიდან შემდეგი 12 თვის განმავლობაში.

  • სახელმწიფო ვაუჩერებს გამოიყენებს მიმოსვლის შეზღუდვის და საკარანტინო ზომების მოხსნის შემდგომ როგორც შიდა ტურიზმის, ასევე საგარეო ტურიზმის ხელშეწყობისთვის - პირველადი მარკეტინგული ღონისძიებებისთვის, ვაუჩერების ფასდაკლებით გადაცემით ტურისტების პირველ ნაკადზე.  

  • ტურისტული სექტორისთის მხოლოდ საგადასახადო და საკრედიტო მორატორიუმი ვერ იქნება საკმარისი თანამშრომლების არდათხოვნისთვის და მსგავსი “ფიუჩერსული” პროგრამა ხელს შეუწყობს სექტორის გაკოტრების პრევენციას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.  

  • ეს ინიციატივა მთავრობას დაუჯდება დაახლოებით 0.2 მლრდ ლარი.


ფიზიკური პირების მხარდაჭერა:
მორატორიუმი საბანკო კრედიტებზე და იპოთეკური დაკრედიტების ხელშეწყობა

ბანკებთან კომუნიკაცია საკრედიტო ვალდებულებების გადახდაზე განსაზღვრული პერიოდით მორატორიუმის შემოღებასთან დაკავშირებით.

მორატორიუმის შემოღება საკრედიტო ვალდებულებების გადახდაზე (ძირითადი თანხა და სესხის პროცენტი) 6 თვის განმავლობაში.

იპოთეკური დაკრედიტების ხელშეწყობა თანადაფინანსებით.

  • ლარში ახალ იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ბანკის გარანტიის გაცემა (75%-ზე);

  • ასეთი მოდელი შეამცირებს სესხის რისკს და შესაბამისად, უნდა შეამციროს სესხის საპროცენტო განაკვეთიც.

იპოთეკური კრედიტების წახალისება ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორში მოთხოვნის ვარდნის პრევენციას და ასევე, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებიების გაკოტრების თავიდან აცილებას.

საბანკო სექტორის მდგრადობა

ბანკების პოტენციური ფინანსური დანაკარგების ანაზღაურების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ დროებითი ზომების შემოღება.

  • კაპიტალზე მოთხოვნის დროებით მინიმუმამდე დაყვანა  დოლარში გაცემული სესხის კაპიტალის ადეკვატურობაში ასახვის კოეფიციენტის განულება 

  •  ლარში გაცემული სესხის ზღვრის (200 000 ლარი) განულება  

  • დოლარში სარეზერვო მოთხოვნების განულება (ან მინიმუმზე დაყვანა)  

  • საბანკო სექტორს გამოუთავისუფლებს 700 მილიონ დოლარს  ლარში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება ასევე მინიმუმამდე.


გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკი ადვილად ვერ დაწევს რეფინანსირების განაკვეთს,რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დოლარზე კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა და კიდევ უფრო გააუფასუროს ლარი. ამასთან, თუ მიწოდების შოკი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მოთხოვნის შოკი, ეროვნულ ბანკს მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (საპროცენტო განაკვეთის აწევა) ინფლაციური წნეხისა და ლარზე ზეწოლის შესარბილებლად. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული რეკომენდაციები ერთის მხრივ, სესხის არასაპროცენტო პირობებს შეარბილებს და კრედიტის გაცემას წაახალისებს, ხოლო მეორეს მხრივ, უცხოური კაპიტალის შემოდინების მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, საბანკო სექტორში არსებული დოლარის რესურსის ეკონომიკაში ინექციასა და შესაბამისად, ლარის გაუფასურებაზე ზეწოლის შესუსტებას გამოიწვევს.