მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[მთავრობის] განცხადება, რომ IMF-ის პროგრამა არ ესაჭიროებათ, კეკლუცობა მგონია|ეკონომისტის ანალიზი

ზაზა ბროლაძე

„საფინანსო სისტემის წარმომადგენლების განაცხადი, რომ მათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა არ ესაჭიროებათ, ცოტა არ იყოს გადამეტებული ოპტიმიზმი და კეკლუცობა მგონია“, - ასე შეაფასა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეკონომისტმა ზაზა ბროლაძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის არგუმენტები იმის თაობაზე, რატომ არ საჭიროებს საქართველო IMF-ის ახალ პროგრამას.

საქმე ის არის, რომ საქართველოს დღეს IMF-ის მოქმედი პროგრამა არ აქვს. წინა, $280-მილიონიანი პროგრამა კი, 2023 წელს შეჩერდა და მიმოხილვის გარეშე დასრულდა. მთავარი მიზეზი - ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესული ცვლილებები და ინსტიტუციის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კითხვები იყო. რატომ არ ითხოვს მთავრობა ახალ პროგრამას? - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანას დამატებითი დაფინანსების საჭიროება არ აქვს, თუმცა სავალუტო ფონდის IV მუხლის რეგულარული მისიის ფარგლებში ჩამოსულმა მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა დიპლომატიურად აღნიშნა, ქვეყნებისთვის IMF-ის პროგრამის ფასი მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არაა.

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის პოზიციას იზიარებს ეკონომისტი ზაზა ბროლაძეც, რომელიც წლების წინ, საქართველოში IMF-ის წარმომადგენლობაში მონეტარულ ეკონომისტად მუშაობდა. მისი თქმით, „საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არის გარკვეული საბაზრო სიგნალი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის და ინვესტორებისთვის“.

„ზოგადად, სავალუტო ფონდის წარმომადგენლები არასოდეს საუბრობენ დირექტივებით. მათი შეხვედრები მთავრობის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ყოველთვის არის სამუშაო რეჟიმში, ციფრებით, ეკონომიკური პროგნოზებით. როგორც წესი, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტები ჰყავთ დელეგაციებში და საინტერესოა, ამჟამად როგორ მიმდინარეობს საუბარი ქართულ მხარესთან (მთავრობის და სებ-ის წარმომადგენლებთან) პროფესიულ დონეზე.

როგორც სავალუტო ფონდის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქვეყნები სავალუტო ფონდს პროგრამას სთხოვენ. პირველია - თუკი ქვეყანა განიცდის საგადასახდელო ბალანსის კრიზისს; ასევე, მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ ბაზარს გაეგზავნოს სიგნალი სხვა დონორებისთვის: როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის, როგორიცაა, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტები, ასევე - კერძო ინვესტორებისათვის“, - განაცხადა ეკონომისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

გარდა ამისა, ეკონომისტს მიაჩნია, რომ სავალუტო ფონდიდან, პროგრამის ფარგლებში, შეღავათიანი სესხი საქართველოსთვის ზედმეტი არ იქნებოდა.

„წელს ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულია 3,2 მილიარდი ლარის გადახდა და ასევე, 2,8 მილიარდი ახალი სესხის გადახდა, საერთაშორისო ინვესტორების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, მომავალი 3 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, დაგეგმილია დაახლოების 2.5 მილიარდის სესხის აღება. ანუ, ჩვენი საფინანსო სისტემის წარმომადგენლების განაცხადი, რომ მათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა არ ესაჭიროებათ, ცოტა არ იყოს გადამეტებული ოპტიმიზმი და კეკლუცობა მგონია. აქ სუფთა ფინანსური საკითხიცაა: სსფ-ის სესხები გაცილებით დაბალპროცენტიანი და შეღავათიანია, ვიდრე თუნდაც ევროობლიგაციების. ევროობლიგაციებს სადღაც 5-5.5% წლიური განაკვეთი დაერიცხება, ხოლო სსფ-ის სესხის პროცენტი SDR-ზეა (სესხის სპეციალური უფლება) მიბმული და 3%-ის ფარგლებში მერყეობს, ანუ სადღაც 40%-ით იაფია. ჩვეულებრივი მოქალაქისათვის 5%-იანი საბანკო კრედიტი მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ სახელმწიფო სესხზე როცაა საუბარი, დანაზოგი მილიონობით დოლარია“, - ასე ასაბუთებს ზაზა ბროლაძე საკუთარ მოსაზრებას.

„წერტილთან“ ინტერვიუში ეკონომისტმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივისა და რისკების შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის IV მუხლის შეფასებაზე და ასკვნის, რომ „IMF-ს ქართული ეკონომიკის შემდგომი განვითარების მიმართ გარკვეული შეშფოთება (concerns) გააჩნია“.

„დეტალებზე არ იყო საუბარი, თუმცა IMF-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, შესაძლებელია, გარკვეული მომენტების დაჭერა და შევეცადოთ სტრიქონებს შორის წაკითხვა.

კერძოდ, მათ მიმოიხილეს ბოლოდროინდელი ეკონომიკური ვითარება, პერსპექტივები და რისკები. ხაზი გაესვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს და ამის შედეგად გაზრდილ ინფლაციურ წნეხს, განსაკუთრებით კონფლიქტის დაწყებისას, თუმცა საბაზო ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. საგარეო პოზიცია გაუმჯობესებულია, თუმცა მოწყვლადია ენერგომატარებლების ფასების და ტურიზმიდან შემოსავლების ცვალებადობის მიმართ. ხაზი გაუსვეს, რომ ფისკალური მაჩვენებლები ძლიერია და რომ მიესალმებიან 2026 წლის ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 2.5%ზე შენარჩუნებას.

შემდეგ, მათ ახსენეს საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობა. აქვე გავიხსენოთ, რომ IMF-ის პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს მთავრობა ძალიან უხეშად ჩაერია ეროვნული ბანკის მმართველობის არჩევის წესში. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, როდესაც კრიმინალი ფარცხალიძის გამო ეროვნულმა ბანკმა ლამის ჩამოანგრია ქართული საბანკო სისტემა.

მათ განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი „სახელმწიფო საწარმოების მმართველობას“. როგორც ჩანს, სსფ-სთვის ესაა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი. რამდენადაა გამჭვირვალე ენერგეტიკის (მაგალითად, სს "საქრუსენერგო", სს "სახელმწიფო ელექტროსისტემა", ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურის (სს "საქართველოს რკინიგზა", შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება") და შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" საქმიანობა?! რამდენად პრობლემატურია კორუფციული და სხვა რისკფაქტორები?!

პრესრელიზში ასევე საუბარი იყო ფინანსური სექტორის პოლიტიკაზე, ინფრასტრუქტურა და ბიზნესგარემო.

ასევე, განიხილეს შრომის ბაზრის რეფორმები, მათ შორის საგანმანათლებლო და შრომის ბაზრის სფეროში ხელისუფლების რეფორმის დღის წესრიგი. არა მგონია, რომ ვინმე აღფრთოვანებული იყოს განათლების ე.წ. რეფორმით, რაც საქართველოში ამჟამადაც სრული სვლით მიმდინარეობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სსფ-ს გააჩნია გარკვეული შეშფოთება (concerns) ქართული ეკონომიკის შემდგომი განვითარების მიმართ და ყველაფერი ისე არ არის, როგორც ქართული ეკონომიკის ოფიციოზი წარმოადგენს“, - განაცხადა ეკონომისტმა ზაზა ბროლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები