მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის მერი: ქალაქში სამედიცინო ინვეტარის მარაგი 2-3 კვირაში ამოიწურება

5e7498188e438
ნათია თაქთაქიშვილი
20.03.20 22:09
1810
ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, ქალაქი სამედიცინო ინვენტარის მარაგს, როგორიც არის ნიღბები, ხელთათმანები და ხალათები ორ-სამ კვირაში ამოწურავს. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

ბილ დე ბლაზიოს თქმით, ქალაქს სულ მცირე 3 მლნ ერთეული N95 ნიღაბი, 50 მლნ ქირურგიული ნიღაბი, 15 000 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და დამცავი აღჭურვილობები, მათ შორის ქირურგიული ხალათები, სტერილური ხელთათმანები და ნიღბები სჭირდება, თითოეული 25 მლნ ერთეული.

როგორც ნიუ-იორკის მერი აღნიშნავს, ამ დროისთვის მარაგში მხოლოდ ის რაოდენობაა, რაც მარტის თვისთვის არის საკმარისი, აპრილიდან კი დეფიციტი ექნებათ, რის გამოც მერი ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად იზრუნონ მარაგების შევსებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიუ-იორკი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

20 მარტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 16,500-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა (ბოლო 24 სთ-ში +2 776), გარდაიცვალა 225 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +18), ხოლო გამოჯანმრთელდა 125 ინფიცირებული. რაც შეეხება ნიუ-იორკს, ქალაქში ახალი კორონავირუსით 22 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 3615 ინფიცირებული.