გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსი, რომელსაც ჩინეთის განვითარების ინსტიტუტი ყოველ ექვს თვეში აქვეყნებს, გლობალური ფინანსური კომუნების ერთ-ერთი ღირებულ საზომად ითვლება, რომელიც პოლიტიკური და საინვესტიციო გადაწყვეტილებების დროს, ხშირად, ერთგვარ ბარომეტრად გამოიყენება.
გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსი მრავალ კრიტერიუმს ეფუძნება, რომელთა გაერთიანება ხუთ ზოგად კატეგორიაში შეიძლება, ესენია: ბიზნესგარემო, ფინანსური ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალი, ინოვაციურობა და რეპუტაცია. ამასთან, ინდექსი აერთიანებს, როგორც ობიექტურ მონაცემებს, მათ შორის “მსოფლიო ბანკის”, OECD-ისა და The Economist-ის დათვლებს, ასევე სუბიექტურ შეფასებებს, რომელთაც მკვლევრები ფინანსური ინსტუტიტებისა და მათი წევრებისთვის გაგზავნილი კითხვარის საფუძველზე აგროვებენ.
გასულ კვირას, ჩინეთის განვითარების ინსტიტუტმა მორიგი ინდექსი გამოაქვეყნა, რომლისთვისაც მკვლევრებმა ას ოცდათორმეტი ფინანსური ცენტრი შეისწავლეს. ამ ინდექსს, ისევე, როგორც წინა, ანუ 33-ე ინდექსს მსოფლიოს წამყვანი და, შეიძლება ითქვას ტრადიციული ფინანსური ცენტრები იკავებენ, რაც დასტურდება იმითაც, რომ მათ მიერ დაკავებული მაღალი პოზიციები, როგორც წესი, წლიდან წლამდე უცვლელი რჩება.
გლობალური ფინანსური ცენტრების რიგით 34-ე ინდექსის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ნიუ-იორკი
2. ლონდონი
3. სინგაპური
4. ჰონგ-კონგი
5. სან-ფრანცისკო
6. ტოკიო
7. შანხაი
8. ციურიცი
9. ტორონტო
10. სიდნეი
თუ ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ქალაქი ხუთივე ზემოხსენებულ კატეგორიაში ლიდერობს, სხვა ადგილებზე მნიშვნელოვანი კონკურენცია ფიქსირდება. აი, ბიზნესგარემოს კუთხით მეორე ადგილს, მაგალითად, სინგაპური იკავებს, რომელიც საერთო ინდექსის მეორეადგილოსან ლონდონს ინფრასტრუქტურითა და ინოვაციურობითაც უსწრებს.
გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში ჩვენი რეგიონის ქვეყნებსაც ვხვდებით, რომელთა შორის, ყველაზე მაღალ, მე-60 ადგილს - ასტანა იკავებს. სიაში ასევე ვხვდებით ალმათის (109), სტამბოლს (110), მოსკოვსა (114) და სანქტ-პეტერბურგს (118). რუსული ფინანსური ცენტრები, ბოლო დროს, რეიტინგში მნიშვნელოვნად დაქვეითდნენ, რაც პირდაპირ კავშირშია უკრაინაში მიმდინარე ომთან. გასულ ნახევარ წელიწადში, მოსკოვის ერთბაშად ოცდარვა პოზიციით დაქვეითდა, როცა სანქტ-პეტერბურგმა სამი პოზიცია დათმო, რადგან ისედაც რეიტინგის ბოლოს იყო.
ფინანსური ცენტრების ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასების გარდა, ჩინეთის განვითარების ინსტიტუტი იმ ქალაქების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომლებიც, გამოკითხულ ექსპერტთა ვარაუდით, მომავალში უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ასეთ ქალაქებს შორის უდავო ლიდერად სამხრეთ კორეის დედაქალაქი, სეული მიიჩნევა, რომელიც ერთბაშად 176-მა გამოკითხულმა ახსენა. სიაში ასევე ვხვდებით სინგაპურს, დუბაის, ჰონგ-კონგს, ლონდონს, შანხაის, ბუსანსა და ნიუ-იორკს.