მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოდესა-თბილისი-ოდესა - Bees Airline ახალ მიმართულებას ამატებს

616eb0d001fd4
მარიამ ვარადაშვილი
19.10.21 15:50
600
უკრაინული ბიუჯეტური ავიაკომპანია Bees Airline ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ოდესის მიმართულებით იფრენს. კერძოდ, 22 ოქტომბრიდან უკრაინული ავიაგადამზიდველი ფრენების შესრულებას ოდესა - თბილისი - ოდესის საჰაერო ხაზზე დაიწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა. Bees Airline-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში შემოვიდა. თავდაპირველად, ავიაკომპანიამ ოპერირება კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო ხაზზე დაიწყო, ხოლო ივნისიდან, კიევი - ბათუმი - კიევის და ხერსონი - თბილისი - ხერსონის მიმართულებები დაამატა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ავიაკომპანიის მიერ დამატებული მიმართულება ქვეყნის ტურისტულ სექტორზე დადებითად აისახება.

„უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ტურისტული სამიზნე ბაზარია, საიდანაც ყოველწლიურად ვიზიტორთა მზარდი დინამიკა გვაქვს. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა ტოპ-სამეულშია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ. Bees Airline-ის გადაწყვეტილება დადებითად აისახება საქართველოს ტურისტულ სექტორზე, როგორც ტრადიციულ ტურისტულ ადგილებზე, ასევე ახალ მიმართულებებზეც,“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.

2021 წლის სექტემბერში საქართველოში უკრაინიდან 22 972 ვიზიტი განხორციელდა, ამ მაჩვენებლით უკრაინა ვიზიტების კუთხით მესამე ადგილზეა.