მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტანსაცმლის გაყიდვებში მომხმარებლების შესანარჩუნებლად შეთავაზებების გაკეთება გახდება საჭირო“

5eeca48746888
ინგა მურუსიძე
19.06.20 21:20
1162
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, ტანსაცმელზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპმა ივნისის მეორე კვირაში შემცირება დაიწყო და +46% შეადგინა, რაც შესაძლოა გადავადებული მოთხოვნის ეფექტის ეტაპობრივ შესუსტებას უკავშირდებოდეს. გართობაზე კი უნაღდო დანახარჯები უკანასკნელი კვირების განმავლობაში მცირედით უმჯობესდებოდა. ბოლო კვირაში კლებამ 73% შეადგინა.

"თიბისი კაპიტალის" მიერ ჩატარებულ კვლევაზე „COVID 19 - აღდგენის დინამიკა“ და მის შედეგებზე მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ „საქმიანი დილის“ ეთერი ისაუბრა.

„ტანსაცმლის გაყიდვებში ფასების შემცირება ჯერ აქტიურად არ შემჩნეულა, თუმცა ჯერჯერობით ვხედავთ, რომ წინა კვირაში გაყიდვებში ზრდის ტემპი იყო 46%, რაც სხვა ნებისმიერ პირობებში დიდი ზრდაა. თუმცა ეს არის გადავადებული მოთხოვნა, მაგრამ ნელ-ნელა, 2-3 კვირის განმავლობაში ამოიწურება და ამ სფეროს წარმომადგენლებს აუცილებლად მოუწევთ საინტერესო შეთავაზებების გაკეთება იმისთვის, რომ მომხმარებლები არ დაკარგონ“, - განაცხადა მერი ჩაჩანიძემ.

მისივე თქმით, ბოლო ორ კვირაში ონლაინ გაყიდვები შემცირდა, რადგან მოქალაქეებმა დაიწყეს მაღაზიებში სიარული.