მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე: ირაკლი კოვზანაძე 7 ფაქტორს ასახელებს

6233520f83a78
თელარა გელანტია
17.03.22 19:19
2575
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომი ეს არის გეოპოლიტიკური შოკი, რომელიც აუცილებლად გადაეცემა ეკონომიკას და რომლის გავლენის დროში და ზომაში პროგნოზირება რთულია.

ასე უპასუხა ირაკლი კოვზანაძემ bm.ge-ს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოზე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პროგნოზით, მოსალოდნელია, ფულადი გზავნილების შემცირება, ასევე ექსპორტის კლება და არსებულ სიტუაციაში, სერიოზული ზეწოლა იქნება ინფლაციასა და ლარის კურსზე.
ირაკლი კოვზანაძემ რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე შესაძლო გავლენა 7 პუნქტად ჩამოაყალიბა.

„რაც შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე არის:

1. სანედლეულო საქონელზე ისედაც შეიმჩნეოდა ფასების ზრდა და ომის პირობებში ეს ტენდენცია კიდევ უფრო დაჩქარდება. მათ შორის ენერგომატარებლებზე, სურსათზე, სამშენებლო მასალებზე, და ა.შ. რაც თავისთავად, გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.

2. უცხოეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდება. ცხადია, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, გასაგები მიზეზების გამო. ჩემი აზრით, ამ ქვეყნებიდან ამ კუთხით იქნება 70-80%-იანი დანაკლისი.

3. წელს დაგეგმილი გვქონდა ტურიზმის და ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა. ცხადია, ამ მიმართულებითაც იქნება დანაკარგები და ეს იქნება არამხოლოდ რუსი და უკრაინელი ტურისტების ხარჯზე.

4. შემცირდება ექსპორტი. პირველ რიგში, ისევ და ისევ რუსეთსა და უკრაინაში საომარი მოქმედებების, ფინანსური და ეკონომიკური სანქციების და რუბლის დევალვაციის გამო.

5. არსებულ სიტუაციაში იქნება სერიოზული ზეწოლა ინფლაციასა და ლარის კურსზე. ეროვნულ ბანკი აცხადებდა, რომ წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნებოდა ინფლაციის ტარგეტთან დაახლოება. ახლა ასე ვეღარ ვიფიქრებთ. ასევე იყო ყველა მაკროეკონომიკური პირობა იმისა, რომ ლარის კურსი გამყარდებოდა, თუმცა უკვე ახალი გამოწვევები გამოჩნდა.

6. არის კიდევ ერთი გარემოება: რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ომის პირობებში მკვეთრად გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, დაახლოებით, 20%-მდე. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა, 2018 წლიდან პირველად, ასევე გაზრდის განაკვეთს არსებული რისკებიდან ინფლაციის მოლოდინებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი რა, თქმა, უნდა იმოქმედებს ჩვენზე და სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკსაც მოუწევს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება.

7. რაც შეეხება საბიუჯეტო სფეროს, ვფიქრობ, ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ისევე როგორც წინა წლებში, გარკვეული კორექტირებები იქნას საჭირო.

ამასთან, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთლიანობაში საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, ბოლო მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა მზარდია, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.