მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ნადარაია: წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გამორიცხულია

5fe5eff6e2435
ლიკა გურაბანიძე
25.12.20 21:17
724
“წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გამორიცხულია, მცირე შემცირებას 2021 წლის ბოლოს ველოდებით", - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

მან ასევე არ გამორიცხა რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება, რადგან ინფლაცია მათი შეფასებით, საკმაოდ მაღალი და მზარდია, - "თუ ჩვენ ლარის კურსზე და ფასებზე კიდევ მეტი ზეწოლა მივიღეთ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდისკენ მეტად გადავიხრებოდი, ვიდრე შემცირებაზე", - აღნიშნა ნადარაიამ.

ეკონომისტმა რეფინანსირების განაკვეთის გარდა, ტურიზმის სექტორის აღდგენის საკითხიც მიმოიხილა.

“ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით რთული ვითარებაა, თუმცა, ზომიერი ოპტიმიზმი არსებობს. მაგალითად, ბოლო პერიოდში ტურიზმის ინდუსტრიის, ავიკომპანიების აქციების ფასები გაზრდილია, იცით, რომ აქციების ფასები ბაზრის მოლოდინებს ასახავს, სწორედ ამ ნაწილში ჩანს, რომ ვაქცინაზე დიდი ფსონია დადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის გამოსვლა ბოლო პერიოდში პოზიტიური გზავნილია, თუ ჩვენ ოქტომბრის შეფასებაში 2021 წელს ტურიზმის აღდგენა დაახლოებით 35% გვქონდა, ბოლო შეფასებებით ეს რიცხვი 30%-ს შეადგენს, რადგან მსოფლიოში და საქართველოში მასობრივ ვაქცინაციას შედარებით დიდი დრო დასჭირდება. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ვირუსის გავრცელების ტემპით ბოლო პერიოდში პირველ ადგილზე გადავედით.” - აღნიშნა ნადარაიამ.

ეკონომისტმა 2020 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის 6.2%-იანი ვარდნის ძირითადი მიზეზი ლოქდაუნი არ არის.

“ჩვენ 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადავხედეთ და თუ ადრე ვარდნა დაახლოებით 5% გვქონდა, ახლა დაახლოებით 6.2%-იანი ვარდნის პროგნოზი გვაქვს. ძირითადი მიზეზი ლოქდაუნი არ არის, რადგან ეს გათვალისწინებული იყო. ამ ნაწილში საქსტატის მიერ მესამე კვარტალის მაჩვენებლების გადახედვამ იქონია გავლენა. ანუ რაც ჩვენი წინასწარი მონაცემი იყო ეკონომიკური ზრდის, ის კვარტალური დაზუსტების პერიოდში გადაიხედა და შედარებით უარესი სურათი მივიღეთ.” - განმარტა ოთარ ნადარაიამ.