მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სამინისტრომ 8-წლიანი მუშაობის შედეგები წარადგინა

5f746523f0956
BM.GE
30.09.20 14:50
1005
2013 წლიდან აღსრულების სისტემის რეფორმების მთავარ მიზანი გახდა მხარეთა მორიგება და მათი ინტერების დაცვა, რისთვისაც აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაინიშნენ პირველი სოციალური მუშაკები, ძირეულად შეიცვალა აღსრულების პოლიცია, დაინერგა საქმეთა ავტომატური განაწილების მოდული და ელექტრონული გადახდის სისტემა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტროს 8-წლიანი მუშაობის შედეგების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული 8 წლის მანძილზე შეიქმნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სამსახური, ასევე გაკოტრების ნაცვლად წახალისდა რეაბილიტაცია.

„გადახდისუუნარობის რეფორმირებული მოდელი უზრუნველყოფს კრედიტორთა ინტერესების უკეთესად დაცვას; საწარმოს რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმების შემოღება კი ფუნდამენტურად შეცვლის ჩვენს ქვეყანაში სამეწარმეო კლიმატს, რაც 2021-2022 წლებში პირდაპირ აისახება მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში საქართველოს რეიტინგის კიდევ მეტად გაუმჯობესებაში. აღსრულების კოდექსის შემოღების საბოლოო მიზანი კი, ჩვენს ქვეყანაში სააღსრულებო სისტემის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტის ინსტიტუციურ მოდელზე გადასვლაა“, − განაცადა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, 2013 წლიდან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სააღსრულებო პროცესის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა მხარეთა მორიგება და მედიაცია.

„2014 წელს შეიქმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური და დაინიშნენ პირველი სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი ფუნქცია გახდა მხარეების სოციალური ინტერესების დაცვა და მათ შორის მედიაციის განხორციელება დავის მორიგებით დასრულების მიზნით.

2014 წელს ბიზნესის კვალიფიციურად მომსახურების მიზნით შეიქმნა გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახური. სამართლიანი და შეღავათიანი გახდა გადახდისუუნარობის პროცესში საფასურები, გაკოტრების ნაცვლად წახალისდა რეაბილიტაცია და ხელი შეეწყო ბიზნესის განგრძობად საქმიანობასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

2014 წლიდან აღსრულების პოლიციელი გახდა განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. 2013-2018 წლებში გაიზარდა აღსრულების პოლიციელების ხელფასი, სრულად განახლდა მათი ავტოპარკი და აღჭურვილობა, იარაღისა და ISO 9001 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი უნიფორმების ჩათვლით.

2016 წლიდან დაიწყო მუშაობა გადახდისუუნარობის მასშტაბურ რეფორმაზე. 2020 წელს მიღებულ იქნა სრულიად ახალი საქართველოს კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“. გადახდისუუნარობის რეფორმირებული მოდელი უზრუნველყოფს კრედიტორთა ინტერესების უკეთესად დაცვას, საწარმოს რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმების შემოღებას, საქმისწარმოების პროცესში სასამართლოს როლის გაზრდას, პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნასა და კრედიტორთა სამართლიან დაკმაყოფილებას“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, გადახდისუუნარობის მოცემული რეფორმა ფუნდამენტურად შეცვლის ქვეყანაში სამეწარმეო კლიმატს, რაც 2021-2022 წლებში პირდაპირ აისახება მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში საქართველოს რეიტინგის კიდევ მეტად გაუმჯობესებაში.

„2020 წლის მონაცემებით, გადახდისუუნარობის საქმისწარმოების კომპონენტში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 64-ე ადგილს იკავებს, მაშინ, როცა 2012 წელს ამ მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა 109-ე პოზიციაზე იყო.

2020 წელს დასრულდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით წამოწყებული მრავალწლიანი სამუშაო პროცესი საქართველოში აღსრულების ახალი კოდექსის შემოღების მიზნით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სააღსრულებო სისტემის სრულიად ახალ, ევროპული სტანდარტის ინსტიტუციურ მოდელზე გადასვლას გულისხმობს“, - თქვა წულუკიანმა.