მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემია და კორუფციული რისკები - IDFI მთავრობას გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

5e8cb7a4a2aec
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.20 23:12
1338
არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) კორონავირუსის გამო სახელმწიფოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვითარებისა და მთავრობის მიერ გადაუდებელი შესყიდვების განხორციელების პროცესთან მიმართებით განცხადებას აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ კრიზისულ ვითარებაში, კერძოდ კი პირდაპირი შესყიდვების რაოდენობის მატების პირობებში შესაძლოა ქვეყანაში კორუფციული რისკები გაიზარდოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, IDFI საქართველოს მთავრობას მეტი გამჭვირვალობისკენ და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალი სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს.

IDFI - პანდემია და კორუფციული რისკები:

ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტის დეკრეტის პირველი მუხლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია COVID-19-ის მასობრივი გავრცელების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირება და დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა.

COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეული ვითარება გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაზე. პანდემიასთან ბრძოლის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფომ ასევე მიიღო სპეციალური ღონისძიებები და აამოქმედა საგანგებო მდგომარეობა (იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ბალკანეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა).

სამწუხაროდ, საერთაშორისო გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ ამგვარი კრიზისის პირობებში იზრდება კორუფციის რისკები, რამდენადაც ზოგიერთი პანდემიას განიხილავს, როგორც საგანგებო სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება პირადი სარგებლობისთვის. კორუფციის შემთხვევები ხშირად სწორედ კრიზისის დროს იმატებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყურადღება მოდუნებულია და სუსტდება ზედამხედველობა შესაბამისი ინსტიტუტების მიერ. გარდა ამისა, კრიზისულ სიტუაციებში ხდება დიდი თანხების მობილიზება როგორც საერთაშორისო დონორებისგან, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის კორუფციისა და დახმარების სახით მიღებული ფინანსების არასათანადოდ განკარგვის საფრთხეებს. აღნიშნულს ადასტურებს გლობალური გამოცდილება ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიც იყო ებოლასთან და ღორის გრიპთან დაკავშირებით არსებული კრიზისული სიტუაციები. წითელი ჯვრის შეფასებით დასავლეთ აფრიკაში ებოლასთან დაკავშირებული კრიზისის დროს 6 მილიონი დოლარი გაიფლანგა ყალბი საბაჟო გადასახადების, გაბერილი ხარჯებისა და არარსებული თანამშრომლების ანაზღაურებების გამო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე რთულ სიტუაციაშიც ხელისუფლებამ ყურადღება არ მოადუნოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს კორუფციის რისკების იდენტიფიცირებას და სავარაუდო კორუფციული შემთხვეების გამოვლენას.

ეპიდემიის დროს ხშირად საჭირო ხდება გადაუდებელი შესყიდვები, რაც ზრდის ამ მიმართულებით კორუფციის რისკებს, ხდება ფასების ხელოვნური ზრდა და არაოფიციალური (ე.წ. ნაცრისფერი) და შავი ბაზრების გამოყენება ისევე, როგორც ფალსიფიცირებული პროდუქტების გასაღების მცდელობა.

საერთაშორისო მასშტაბით 2020 წლის მარტის განმავლობაში უკვე აღინიშნა კორუფციულ ინციდენტებთან დაკავშირებული ტალღა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შემცირება. როგორც ცნობილია, ევროპის კონტინენტზე პანდემიის შედეგად ყველაზე ძლიერი დარტყმა იტალიამ განიცადა. იტალიაში გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში ერთ-ერთმა კომპანიამ მოიგო ტენდერი და მიიღო უფლება, რომ მთავრობა სამედიცინო ნიღბებით მოემარაგებინა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაბლოკა აღნიშნული ტენდერი სავარაუდო კორუფციული გარიგების გამო და გამოძიება დაიწყო. სერბეთის პრეზიდენტმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ ევროპულ ბაზარზე სასუნთქი აპარატების ნაკლებობის გამო, იძულებული გახდა, ისინი არაოფიციალურ ბაზარზე შეეძინა.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეჩერება ისევე, როგორც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტენდერების გვერდის ავლით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მოსალოდნელი მატება (გაზრდილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან განხორციელებული შესყიდვები, გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული შესყიდვები და ა.შ.) მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვისა თუ კორუფციული გარიგებების რისკებს.

ებოლასთან დაკავშირებული გამოცდილება ადასტურებს, რომ კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის საკმარისი არ არის ის ანტიკორუფციული მექანიზმები, რომლებიც ჩვეულებრივ დროს შეიძლება წარმატებით მუშაობდეს.

შიდსის ეპიდემიასთან დაკავშირებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კრიზისულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება. შიდსის ეპიდემიის დროს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ლოკალურ დონეზე შესაბამისი პროგრამების ეფექტიანად დანერგვის მიზნით. შედეგად, შიდსის ეპიდემიამ ისეთი დამანგრეველი გავლენა ვერ მოახდინა საზოგადოებებზე, როგორც მოსალოდნელი იყო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში მონიტორინგის, ანგარიშვალდებულებისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელწიფო ბიუჯეტში მოახდენს ორი მილიარდი ლარის მობილიზებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერას მოხმარდება. დამატებით, უშუალოდ ჯანდაცვის სექტორში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისთვის, ბიუჯეტში გამოყოფილია 351 მილიონი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა მათთვის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები უაღრესად რაციონალური გამოიყენონ და უზრუნველყონ აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამედიცინო სფეროში კორუფციული რისკფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება, რომ ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები რაციონალურად და მიზნობრივად დაიხარჯოს.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინების, ტესტებისა და აღჭურვილობის შესყიდვისას ღია და გამჭვირვალე პროცედურის საშუალებით.

ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა უნდა უზრუნველყოს ბიუჯეტის მონიტორინგის და შესყიდვების მიმართულებით, რაც ფინანსების ეფექტიან ხარჯვას და კორუფციული რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

ამ პირობებში მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაღალი ხარისხი. შესაბამისად, საჭიროა 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დანერგილი სტანდარტის არსებულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა.