მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიამ და მშპ-ს ვარდნამ 2020-ში კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა შეამცირა - IDFI

6102d6f3aa61d
თამთა ჯიჯავაძე
29.07.21 23:40
796
პანდემიამ და მშპ-ს ვარდნამ 2020 წელს კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 5%-ით შეამცირა. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც განათლების სექტორს ეხება.

„ეკონომიკურ ზრდასთან ერთად კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიამ და მშპ-ს 6.2%-იანმა ვარდნამ 2020 წელს კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა -5%-ით შეამცირა. დღეისათვის მოსწავლეების თითქმის 90% საჯაროს სკოლაში სწავლობს“, - წერია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, IDFI აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლება პანდემიამდე არასდროს გამოუყენებიათ და ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ახალ გამოწვევას. „2020 წელს, შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს კი ინტერნეტთან წვდომა. დისტანციური სასწავლო პროგრამა TEAMS-ით კი მასწავლებლებისა და მოსწავლეების 11%-ს საერთოდ არ უსარგებლიათ.

დისტანციური სწავლების პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს სოფლებში და რეგიონებში, მსხვილ ქალაქებთან შედარებით. სოფლებში შინამეურნეობების წილი, ვისაც არ ჰქონდათ კომპიუტერი და ინტერნეტი 68%-ს და 26%-ს შეადგენდა, შესაბამისად. თუმცა, იმავე პერიოდში, შინამეურნეობების წილი ქალაქებში ანალოგიური გამოწვევებით 24% და 9% იყო, შესაბამისად“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

მიმოხილვის მიხედვით, სექტორის ზოგადი გამოწვევები მოიცავს: საჯარო სკოლებში მასწავლებლების საშუალო ასაკის ზრდას და დაბალ ხელფასებს, რაც მასწავლებლობის როგორც პროფესიის მიმზიდველობას ამცირებს. დღეისათვის არსებული გამოწვევებია სკოლების დაბალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაცია. გარდა ამისა, სექტორის მთავარი გამოწვევაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და არ აქვს წვდომა შესაბამის ლიტერატურასთან და სასწავლო მასალებთან. ასევე, COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და შესაბამისმა უსაფრთხოების წესებმა გამოიწვია სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის შემცირება რაც უარყოფითად აისახა სასწავლო პროცესის ეფექტიანობაზე.