03.აპრილი .2020 11:54

პაპუნა ლეჟავა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების 3 ძირითად მიმართულებას ასახელებს

views 415
უკან

საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ, ფინანსური დახმარების მობილიზების შესახებ მართავს მოლაპარაკებებს. 

დღეს გადაცემა "საქმიან დილაში" ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ამ მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა და სამი ძირითადი მიმართულება დაასახელა, რაზეც დონორული დაფინანსება მიიმართება. ესენია - ეროვნული ბანკის მხარდაჭერა საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესების მიზნით; საქართველოს მთავრობის და ბიუჯეტის დახმარება და ქვეყნის კერძო სექტორის დახმარება.

"მოლაპარაკებები ყოველდღიურად მიმდინარეობს, ჩვენ კონკრეტული რიცხვების დასახელების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დახმარება იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ყველა პრაქტიკულად სავალუტო ფონდის მოლაპარაკებების დასრულებას ელიან და ამის შემდეგ სრულმასშტაბიანი პაკეტით შემოვლენ მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებებში. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ დახმარება მოიცავს როგორც ეროვნული ბანკის საგადასახდელო ბალანსის დახმარებას, რაც იმ დანაკლისის შევსებას გულისხმობს, რაც ჩვენ ტურიზმიდან, ექსპორტიდან, გზავნილებიდან მივიღეთ. მეორე მხრივ, ეს იქნება ბიუჯეტის დახმარება, რაც გულისხმობს როგორც კრიზისის მართვის პერიოდში დახმარებას, ასევე პოსტ-კრიზისულ ეკონომიკურ წახალისებას. მესამე - ეს იქნება კერძო სექტორის წამახალისებელი დახმარება, თუმცა კონკრეტულ თანხებს ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ", - ამბობს პაპუნა ლეჟავა. 

დღეს პირველი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების ახალი პროგნოზი წარადგინა, აზიის განვითარების ბანკი (ADB) გახდა, რომელიც საქართველოში 2020 წელს 0%-იან ეკონომიკურ ზრდას, 2021 წელს კი 4.5%-იან ზრდას ელის. ADB სწორედ ერთ-ერთი საფინანსო ინსტიტუტია, რომელთანაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აწარმოებენ მოლაპარაკებებს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა