მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში დღეს მეთექვსმეტე კომიტეტი შეიქმნა

605098cb3cd9d
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.21 15:35
977
80 - მომხრე, 0 - წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დასრულდა კენჭისყრა, რომლითაც პარლამენტში ახალი კომიტეტი შეიქმნა. რიგით მეთექვსმეტე კომიტეტს კულტურისა და სპორტის კომიტეტი ერქმევა და ის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გამოეყო. 

ცვლილება განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს გაყოფის პარალელურად განხორციელდა. 

დღესვე პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს აღდგენის საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონთან ერთად კიდევ 56 კანონს აერთიანებდა, რომლებშიც ახალი სამინისტროს სახელი და უფლებამოვალეობები არის გაწერილი.

კანონის თანახმად, სამინისტროების გაყოფასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს ევალება, 10 დღეში განისაზღვროს რომელი საბიუჯეტო კოდი რომელ სამინისტროში რჩება, შესაბამისად, ახალი უწყების დაფინანსების ზუსტი მოცულობა უახლოეს დღეებში გაირკვევა. კანონი ასევე კორექტირებული ბიუჯეტის მომზადებასაც ითვალისწინებს.

აღდგენილი სამინისტროს დაფინანსების შესახებ კანონი ორ ჩანაწერს აკეთებს, კერძოდ, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 1.8-მილიარდიანი ბიუჯეტი გაიყოფა ორ მიმართულებად.

მიმართულებები და პროგრამები, რომლებიც განათლების სამინისტროდან გადის, ბიუჯეტით განსაზღვრულ დაფინანსებასაც გაიყოლებს. ამ პროგრამების მოცულობა ამჟამად 300.7 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 1.5 მილიარდამდე მცირდება, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება კი 300.7 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანია. უცნობია რომელი კომიტეტის ხელმძღვანელად გააგრძელებს ის მუშაობას. ასევე, გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, მან შესაძლოა, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტიც დაიკავოს.