მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაველ დუროვის ისტორია - როგორ გახდა რუსი მეწარმე არაბთა საამიროების უმდიდრესი მოქალაქე?

63a2bdea21309
გიორგი თოლორდავა
22.12.22 00:00
930
პაველ დუროვი რუსეთის ფედერაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე და ინოვატორია, რომელიც ამჟამად არა რუსეთის, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმდიდრესი მოქალაქის სტატუსს იკავებს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 15 მილიარდ დოლარს შეადგეს.

საამიროებში აღმოჩენამდე 38 წლის დუროვს რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიის გავლა მოუწია, ის წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა რუსეთის მთავრობისა და სპეცსამსახურების ზეწოლის წინაშე.

დუროვს ხშირად რუსი მარკ ცუკერბერგის წოდებითაც მოიხსენიებენ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მისი წარმატებაც, ცუკერბერგის მსგავსად, სოციალურ ქსელებს უკავშირდება, თუმცა მსგავსებები მხოლოდ აქ არ მთავრდება.

რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით ყველაზე პოპულარული ქსელის - VKontakte-ს შექმნამდე დუროვი აკადემიური მოსწრებითა და ნიჭიერები გამორჩეული სტუდენტი იყო. პირველი სოციალური ქსელის იდეაც მასაც, ცუკერბერგის მსგავსად, სწორედ უნივერსიტეტში მოუვიდა. დუროვის პირველი მნიშვნელოვანი პროექტი სტუდენტური ფორუმი იყო, სადაც თანაუნივერსიტეტელებს ანონიმური შეტყობინებების გაგზავნა და საკითხებზე საჯაროდ მსჯელობა შეეძლოთ. დუროვმა მალევე გააცნობიერა, რომ ანონიმურობა სოციალურ ქსელს ინტერესს უკარგავდა და საჭირო იყო მომხმარებლებს საკუთარი რეალური ვინაობა გაემჟღავნებინათ. სწორედ ამ იდეაზე ფიქრის პერიოდში დუროვს ერთ-ერთმა მეგობარმა ცუკერბერგის მიერ შექმნილი Facebook-ი აჩვენა, რომელიც აგრეთვე განვითარების საწყის ეტაპზე იყო, თუმცა დუროვის პლატფორმისგან განსხვავებით, მას მომხმარებლები საკუთარი რეალური პროფილით იყენებდნენ და არა ანონიმურით.

დუროვის ისტორიაში მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ახალი სოციალური ქსელის, Студент.ру-ს შექმნა, რომელიც იდეოლოგიურად და დიზაინით სწორედ ამერიკულ ანალოგს ეფუძნებოდა. ახალმა პროექტმა ახალგაზრდებში მალევე მოიპოვა პოპულარობა, თუმცა დუროვმა გაიაზრა, რომ სტუდენტებს აუცილებლად მოუწევდათ უნივერსიტეტების დატოვება, სოციალური ქსელი კი თავისი სახელითა თუ შინაარსით უნივერსალური უნდა ყოფილიყო, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი. სწორედ ასე Студент.ру გადაიქცა VKontakte-დ - სოციალურ ქსელად, რომელიც რუსეთში დღემდე Facebook-ზე პოპულარულია.

მსგავსებების მიუხედავად, დუროვსა და ცუკერბერგს შორის არაერთი ფუნდამენტური განსხვავებაცაა, კონტრასტი კი ყველაზე აშკარად მათ პიროვნულ და ფილოსოფიურ შეხედულებებში გამოიხატება. დუროვი თავისუფალი საბაზრო პრინციპების მხარდამჭერი, ნომადი ლიბერტარიანელია, რომელსაც სჯერა, რომ კონფიდენციალურობის დაცვა კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, ნაცვლად ცუკერბერგის რადიკალურად განსხვავებული ხედვისა, რომელიც მიიჩნევს, რომ მომხმარებლის ინფორმაცია სოციალური პლატფორმის მიერ მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა იქნეს დამუშავებული და გამოყენებული პერსონალიზებული რეკლამების შესათავაზებლად.

ზემოხსენებული თვისებების გარდა, დუროვს ექსცენტრიკულობაც გამოარჩევს, ის არაერთხელ გახვეულა სკანდალში და, მათ შორის, მთავრობასთან კონფრონტაციაში. მაგალითად, 2012 წელს 9 მაისს, საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღეს, დუროვმა განაცხადა, რომ სტალინი ავტორიტარი ტირანი იყო, რომელიც მოსახლეობას მუდმივ რეპრესიაში ამყოფებდა. დუროვის ამ განცხადებას საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტი მოჰყვა, რამდენიმე პოლიტიკოსმა კი პროტესტის ნიშნად სოციალური ქსელი VKontakte დატოვა.

ანტისამთავრობო განცხადებებს დუროვი პერიოდულად ყოველთვის ავრცელებდა, თუმცა ის მაინც ახერხებდა კრემლის რადარს მიღმა დარჩენას, მაგრამ ვითარება 2013 წელს იცვლება, როდესაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დუროვს VKontakte-ს მომხმარებლების პირადი მონაცემების გაზიარება დაავალა. FSB მოითხოვდა იმ უკრაინელი მომხმარებლების მონაცემებს, რომლებიც პრორუსი პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.

კონფიდენციალურობის დამცველმა დუროვმა აღნიშნული ბრძანების დამორჩილებაზე უარი განაცხადა, რითაც მან საკუთარი კარიერა და კომპანია გასწირა. პასუხის გასაცემად FSB-მ დუროვი დაკითხვაზე დაიბარა, სადაც მილიარდერი მეწარმე არ წავიდა და უშიშროების სამსახურს სოციალურ ქსელში საჯარო პოსტით უპასუხა, რომ მას დაკითხვებისთვის არ ეცალა, პოსტის ბოლოს კი დუროვმა ენაგადმოგდებული ჰასკის ცნობილი ფოტო მოაყოლა.

ბუნებრივია, მსგავსი სითავხედე ექსცენტრიკულ მეწარმეს არ აპატიეს, მილიარდერი ვარსკვლავი მალევე იქცა პოლიტიკურ დევნილად და პერსონა ნონ-გრატად. 2014 წელს დუროვმა VKontakte-ში საკუთარი წილი სრულად გაყიდა და ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სწორედ პოლიტიკური დევნის პერიოდში დუროვს ახალი იდეა დაებადა, ის ამ დროს ერთ დიდ პრობლემას შეეჩეხა, მას არ ჰქონდა დაცული და უსაფრთხო საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლითაც თანამშრომლებთან და მეგობრებთან დაკავშირებას შეძლებდა, სწორედ ასე გაჩნდა დუროვის მეორე დიდი ინოვაციის - Telegram-ის იდეა, რომელსაც ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 600 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

რუსეთიდან წასვლის შემდეგ, დუროვი ჭეშმარიტი ნომადი გახდა, ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია მისამართი, ის ყოველწლიურად ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდი, თუმცა ამჟამად მისი საცხოვრებელი არაბთა გაერთიანებული საამიროებია.

სწორედ დუბაიში მცხოვრები წარმოშობით რუსი მეწარმე ამტკიცებს, რომ მას ცხოვრებაში არასოდეს უღალატია მომხმარებლისათვის და არასოდეს დაურღვევია კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც ის ასე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. თავად Telegram-ი დუროვის ახდენილი ოცნებაა, დაშიფრული საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც დაცულობის და უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. VKontakte-სგან განსხვავებით, Telegram-ი არ არის დაფუძნებული რუსეთში, უფრო მეტიც, ის სრულად საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც მონაცემთა ბაზები სხვადასხვა ქვეყნებში აქვს გადანაწილებული, ამით დუროვი იმას უზრუნველყოფს, რომ Telegram-ი არასოდეს გახდეს ერთი ქვეყნის მთავრობის პოლიტიკური ნების მსხვერპლი და მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუდამ დაცული იყოს.

რაც შეეხება საამიროებს, რატომ შეარჩია ის სამშობლოდან დევნილმა მილიარდერმა? მიზეზი საკმაოდ მარტივია - არაბეთი მდიდარი მოსახლეობისთვის ნამდვილ სამოთხეს ქმნის, როგორც პოლიტიკური, ასევე საკანონმდებლო თვალსაზრისით. დაბალი გადასახადები, მსუბუქი რეგულაციები და სახელმწიფო პროგრამები - ეს იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რომლის გამოც საამიროები იმიგრანტების მოზიდვის კუთხით მსოფლიო ლიდერი გახდა და ერთი წლის განმავლობაში თითქმის 4,000 მილიონერი მოქალაქე მიიღო, მათ შორის, პაველ დუროვიც, რომელიც ამჟამად ქვეყნის უმდიდრესი დეკლარირებული მოქალაქეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები