საფრანგეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაკავებულმა მილიარდერმა, პაველ დუროვმა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობას ფლობს, რუსეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებების მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა POLITICO წერს. პაველ დუროვის შესაძლო დახმარებაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ დუროვი ჯერაც რუსეთის მოქალაქე იყო, რადგან ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა;
გუშინ, Telegram-ის დამფუძნებლის დაკავებაზე პირველად ისაუბრა თავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ დუროვის მიმართ შერჩევითად იმოქმედა, რადგან ის პროცესები, რაც პაველ დუროვს ბრალად ედება, მისი თქმით, ყველა სხვა მსგავს სოციალურ პლატფორმაზე ხდება, ანუ პაველ დუროვთან ერთად, გამოძიება მარკ ზაკერბერგით, ილონ მასკით და სხვა მსგავსი ანტრეპრენიორებითაც უნდა დაინტერესდეს.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად, პაველ დუროვს საფრანგეთის ხელისუფლება თორმეტ დანაშაულს ადანაშაულებს, რომელთა შორის ტერორიზმის ხელშეწყობას, ბავშვების ტრეფიკინგს და სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალურ გავრცელებას ვხვდებით. დანაშაულები, რომლებიც პაველ დუროვს ბრალად ედება, საკმაოდ მძიმეა და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ მიდგომას, რომელიც Telegram-ის დამფუძნებელს მისი პლატფორმის მიმართ აქვს, რადგან საქვეყნოდ ცნობილია, რომ Telegram-ში იციან ყველაფერი, რაც პლატფორმაზე ხდება, მაგრამ ამის შესახებ არავის ატყობინებენ, მათ შორის, არც ხელისუფლებებს.
თუ გაინტერესებს, ვინ არის პაველ დუროვი და რატომ დააკავეს ის საფრანგეთში - ამ სტატიას გაეცანი.