მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვლადიმირ პუტინმა პაველ დუროვის დაკავებაზე პირველად ისაუბრა

ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვის დაკავებაზე პირველად ისაუბრა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ დუროვის მიმართ შერჩევითად იმოქმედა, რადგან ის პროცესები, რაც პაველ დუროვს ბრალად ედება, მისი თქმით, ყველა სხვა მსგავს სოციალურ პლატფორმაზე ხდება, ანუ პაველ დუროვთან ერთად, გამოძიება მარკ ზაკერბერგით, ილონ მასკით და სხვა მსგავსი ანტრეპრენიორებითაც უნდა დაინტერესდეს.

ცნობისთვის, საფრანგეთის ხელისუფლებამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Telegram-ის დამფუძნებელი და რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე, პაველ დუროვი რამდენიმე კვირის წინ დააკავა. როგორც იმ დროს მედიაში ითქვა, დუროვი საფრანგეთში საკუთარი თვითმფრინავით ჩავიდა, რომლითაც, მანამდე, აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც, იმ დროს, ვლადიმირ პუტინი ილჰამ ალიევს ხვდებოდა. ამგვარმა დამთხვევამ, ცხადია, ვნებათაღელვა გამოიწვია და დაისვა კითხვა - შეხვდნენ თუ არა დუროვი და პუტინი ერთმანეთს?

დღეს, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ პაველ დუროვს მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წლის წინ შეხვდა, ისიც რამდენიმე წუთით, როცა რუსი ბიზნესმენები კონსულტაციებზე კრემლში იმყოფებოდნენ. პუტინმა დასძინა, რომ დუროვის ბოლოდროინდელი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ ვერც იმას ხვდება, თუ რატომ უნდა შეხვედროდა ის რუს მილიარდერს აზერბაიჯანის დედაქალაქში.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად, პაველ დუროვს საფრანგეთის ხელისუფლება თორმეტ დანაშაულს აბრალებს, რომელთა შორის ტერორიზმის ხელშეწყობას, ბავშვების ტრეფიკინგს და სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალურ გავრცელებას ვხვდებით. დანაშაულები, რომლებიც პაველ დუროვს ბრალად ედება, საკმაოდ მძიმეა და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ მიდგომას, რომელიც Telegram-ის დამფუძნებელს მისი პლატფორმის მიმართ აქვს, რადგან საქვეყნოდ ცნობილია, რომ Telegram-ში იციან ყველაფერი, რაც პლატფორმაზე ხდება, მაგრამ ამის შესახებ არავის ატყობინებენ, მათ შორის, არც ხელისუფლებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები