მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პედაგოგების 58% მინიმუმ ერთი დოზითაა აცრილი - სამინისტრო

614998c15352f
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.21 12:34
746
განათლების სამინისტროს მიერ დეპუტატ თინა ბოკუჩავას კითხვაზე გაგზავნილი პასუხიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 7 სექტემბრისთვის საქართველოში საჯარო სკოლების პედაგოგების 58% COVID-19-ის ვაქცინის ერთი დოზით იყო აცრილი, ხოლო მასწავლებლების 36%-ს აღნიშნული თარიღისთვის უკვე ორჯერადი ვაქცინაცია ჰქონდა ჩატარებული.

სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრიდან იმ დასახლებებში, სადაც COVID დადებითობა 4%-ზე ნაკლები იქნება, ფიზიკურ სივრცეში სწავლება აღდგება.

“2021 წლის 07 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო სკოლების თანამშრომელთა 55% ვაქცინირებულია ერთი დოზით, მათ შორის 58% არის მასწავლებელი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია სკოლის თანამშრომელთა 33% და მათ შორის 36% არის მასწავლებელი.

ასევე 2021 წლის 04 ოქტომბრიდან იმ სოფელში/დაბაში/ქალაქში, სადაც ინფიცირების (ტესტის დადებითობის) მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან სასწავლო პროცესი განაახლონ არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო, თუ ინფიცირების (ტესტის დადებითობის) მაჩვენებელი იქნება 4%-ზე მეტი, სასწავლო პროცესი განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული სინქრონული, ასევე ასინქრონული მოდელის გამოყენებით,”- ნათქვამია დოკუმენტში.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს სკოლებში სულ 62,699 პედაგოგია, მათგან საჯარო სკოლებში 55,491 ასწავლის. შესაბამისად, 7 სექტემბრისთვის 32,200 პედაგოგი იყო ერთჯერადად, ხოლო 19,900 პედაგოგი კი ორჯერადად იყო ვაქცინირებული.

გუშინ, NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის როგორც პედაგოგებისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის აცრების სავალდებულოობას ემხრობა.

ჯამური მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის ერთი დოზით მაინც აცრილია 952,219 ადამიანი (ზრდასრულთა 33.3%), ხოლო 719,076 ადამიანი (ზრდასრულთა 25.2%) კი უკვე ორჯერადად არის ვაქცინირებული. ამასთან ბოლო 24 საათში 15,096 აცრა ჩატარდა. სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში პირველადი აცრების რაოდენობა იკლებს. გუშინაც, აცრების ნახევარზე მეტი მეორე დოზების ვაქცინაციაზე მოდიოდა.