მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Philips Lighting, Siemens Energy, Coca-cola, Oneweb - ვის შეხვდება გიორგი გახარია დავოსში

5e25ae4c56bfd
ინგა მურუსიძე
20.01.20 17:42
1451
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში 21-24 იანვარს შედგება.

როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში New Ambitions for Europe.

მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების - Uniting Europe მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესტუმრება პრეზენტაციას - Cool Kids on Blockchain, რომელზეც წამყვანი შვეიცარული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Vault Wines-ი ქართულ ინოვაციას წარადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.