ამ მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ რა დავალებას მიიღებენ... ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ავალებს და ალაპარაკებს ამათ და მესამეს აკეთებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ „რუსული კანონის“ მიღების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება უკვე დიდი ხანია საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასულია და ბრძოლა უნდა მივიდეს არჩევნებამდე.
„მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს არის მცდელობა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების. ფაქტობრივი შედეგი იქნება ეს. ჩვენ ყველაზე უფრო მძიმე შედეგებისთვისაც უნდა მოვემზადოთ. ეს გამოიწვევს საერთაშორისო მეგობრების მიდგომების გადახედვას ჩვენდამი, მაგრამ ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გვაძლევს იმედს, რომ მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ დავიცვათ ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა და ამასთან ერთად, ავარიდოთ მოსახლეობა სამოქალაქო დაპირისპირებას. ის გაბრაზება, რომელიც დღეს უზარმაზარია თბილისის ქუჩებში, არის სრულიად ლეგიტიმური“, - თქვა გახარიამ.
კითხვაზე, არის თუ არა შანსი სიტუაციის გამოსწორების, გახარია ამბობს, რომ აზრი არ აქვს რა მოხდება, რადგან ქვეყანამ ეფექტი უკვე მიიღო.
„ეს კანონი დღეს დაამტკიცეს, მაგრამ „ქართული ოცნება“ კანონს უკვე ახორციელებს ეს დღეები. როცა მაგალითად ძალადობდნენ ადამიანებზე, ახალგაზრდებზე ქუჩაში. კანონთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ რა დავალებას მიიღებენ ხვალ, რადგან ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ავალებს და ალაპარაკებს ამათ და მესამეს აკეთებს. ამიტომ აქ რაიმე გონიერი ან ადეკვატური ანალიზის რესურსი არ არსებობს. აქ ერთადერთი გამოსავალი არის ამ კანონის გაწვევა“, - განაცხადა გახარიამ TV პირველის ეთერში.