მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიეთილენის პარკების კანონით აკრძალვიდან 1 წელი გადის - რა ხარისხის კოტროლია ბაზარზე?

5e2d45b110a4f
თათია ჩაფიჩაძე
26.01.20 15:10
4485
გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 1 მლნ 808 ათასი პოლიეთილენის პარკია დალუქული. როგორც გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის უფროსმა დიმიტრი ღლონტმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, საწარმოების შემოწმება უწყებამ კანონის სრულად მიღებიდან 9 თვის თავზე, 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

დიმიტრი ღლონტი აღიარებს, რომ კანონი სრულყოფილად არ მოქმედებს, ვინაიდან მაკონტროლებელი უწყებები მისი აღსრულებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანას შესაბამისი შესამოწმებელი ლაბორატორია არ გააჩნია, რაც ბაზარზე ფალსიფიცირებული პარკების არსებობას უშვებს.

„დეკემბერში ჩვენ მიერ საწარმოების მასშტაბური შემოწმება მოხდა. 36-დან 14 საწარმო საერთოდ არ აწარმოებს პარკებს, ისინი მხოლოდ შესაფუთ მასალებს უშვებენ, 5 საწარმოს არც დასჭირდა შემოწმება ვინაიდან ნიშანდებაც ჰქონდათ იმის, რომ ის პოლიეთილენის იყო და ადგილზევე დაილუქა. რაც შეეხება სხვა საწარმოებს, აღებულ იქნა 12 სინჯი, რომელსაც ბიოდეგრადირებადი ეწერა, აქედან სამხარაულის ბიურომ სამ შემთხვევაში დაადგინა, რომ სინამდვილეში პოლიეთილენს წარმოადგენდა, დანარჩენზე, სამწუხაროდ, ბიურომ დასკვნა საერთოდ ვერ დადო. ამიტომ გვინდა, რომ სანამ ჩვენთან შესაბამისი ლაბორატორია დაარსდება, საზღვარგერეთ მოვიძიოთ ისეთი ლაბორატორია, რომელიც მოკლე ვადაში მოახდენს ამის დადგენას.

სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არ აღმოჩნდნენ მზად კონტროლისთვის. არადა ამ კანონის სრილყოფილად ფუნქციონირებისთვის კონტროლი აუცილებელია. თუ სამივე უწყება იმუშავებს, მხოლოდ მაშინ გვექნება შედეგი. თბილისის გარდა ინტენსიური საუბარი გვაქვს რუსთავის მერიასთან, რომ დაიწყონ შემოწმება, ასევე ბევრი სხვა მუნიციპალიტეტი გამოხატავს მზაობას და ეს საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება. ძნელია თქმა - რა ვადაში, მაგრამ გარწმუნებთ რომ ჩვენ მიერ შემოწმებები გაგრძელდება. დღეს მთლიანობაში დალუქული გვაქვს მილიონ 808 ათასი ცალი პარკი“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ღლონტმა.

ინფორმაციისთვის: 2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი აიკრძალა. 2019 წლის 1 აპრილს ეს რეგულაცია უკვე ყველა ტიპის პარკებზე გავრცელდა. კანონის დამრღევი პირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმებიც; არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკის წარმოებისთვის, გამოყენებისთვის ან ქვეყანაში შემოტანისთვის 1 ოქტომბრიდან პირველ ჯერზე - 500 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1000 ლარი. რაც შეეხება მაკონტროლებლებს, ეს ფუნქციები რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული. კერძოდ, პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს; პარკების იმპორტიორებისთვის ფინანსთა სამინისტროს უნდა მიეხედა, ხოლო პარკების რეალიზატორებთან ბრძოლა ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივა უნდა ყოფილიყო.

მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გააკეთა თბილისის მერიამ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ წელს ისინი თბილისში არსებულ მსხვილ ობიექტებში პოლიეთილენის პარკების შემოწმებას დაიწყებენ და საჭირო ხელსაწყოების შეძენაზე ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.

რაც შეეხება შემოსავლების სამსახურს, რომელსაც საზღვარზე ევალება კონტროლი, bm.ge-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე „ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ №472 დადგენილებით, რეგულირებადი პლასტიკის პარკის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის 217 ფაქტი დაფიქსირდა. საიდანაც, 57 - კონფისკაციას, 157 - განადგურებას, ხოლო 3 ფაქტის შემთხვევაში, საქონელი უკან გაბრუნებას დაექვემდებარა.