მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტის ძირითადი ოპერატორი სხვა ოპერატორებს გემების მიღებაზე საკომისიოს ვერ დაუწესებს - პროექტი

62544b894f113
შოთა ტყეშელაშვილი
11.04.22 19:56
1169
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის და ამავე კომიტეტის წევრების მიერ მომზადებული ინიციატივა საზღვაო კოდექსში ახალ ჩანაწერის გაკეთებას ითვალისწინებს. კანონში ჩნდება ახალი ცნება - “სანავსადგურე ერთეული”, რაც ნავსადურის ოპერატორს აღნიშნავს.

კანონის მიხედვით, განისაზღვრება “სანავსადგურე ოპერატორების” უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები. კანონპროექტის თანახმად, თუკი ერთ ნავსადგურში ერთზე მეტი ოპერატორი საქმიანობს, არ უნდა მოხდეს რომელიმე ოპერატორის მიერ სხვა ოპერატორისთვის პორტის შემოსასვლელ არხში გემების შესვლაზე რაიმე მოსაკრებელის დაწესება.

კიდევ ერთი მოთხოვნა თავად ნავსადგურის შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობას და მის დაღრმავებას გულისხმობს. კანონის მიღების შემთხვევაში, პორტის შესასვლელის დაღრმავებაზე პასუხისმგებლები თავად პორტის ოპერატორები იქნებიან.

“წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, სანავსადგურე ერთეული პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლა-პატრონობისა და ნავსადგურების ღიაობის უზრუნველყოფაზე. ნავსადგურში ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეულის არსებობის შემთხვევაში შესასვლელ არხზე სანავსადგურე ერთეულებს ექნებათ თანაბარი უფლება და წვდომა. ასევე, დადგინდება ვალდებულებები სანავსადგურე ერთეულების მიმართ, კერძოდ, არც ერთ სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება მეორე სანავსადგურე ერთეულში შემსვლელ და გამსვლელ გემებს, დაუწესოს შემოსასვლელი არხით სარგებლობის საზღვაური ან რაიმე სხვა სანავსადგურე საზღაური.

ნავსადგურის შესასვლელი არხი განაპირობებს მის ღიაობას. ამ მიმართულებით დღემდე არ არსებობს საკანონმდებლო რეგულირება, ამდენად მნიშვნელოვანია შესასვლელი არხის მოვლა პატრონობის საკითხი დარეგულირებულ იქნას საკანონმდებლო დონეზე. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია რიგი საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება, რათა არ შეეშალოს ხელი საზღვაო ტრანსპორტის დარგის სწორ, ეფექტიან და სწრაფ განვითარებას, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფასთან ერთად,” - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ფოთის პორტის ოპერატორი APM Terminals-ი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება:

დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის APM Terminals-ის იურისტი კახა შარაბიძე, რომელმაც დეპუტატებს განუცხადა, რომ კომპანიამ ამ კანონპროექტის შესახებ, ფაქტობრივად, მედიიდან გაიგო. იურისტის განცხადებით, კომპანია ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება და მისი მიღების შემთხვევაში, შესაბამისი იურიდიული ნაბიჯების გადადგმასაც არ გამორიცხავს.

“ფოთის საზღვაო ნავსადგური 2011 წელს შეიძინა APM-მა და მას მერე 85 მილიონი დოლარი უკვე ინვესტირებული აქვს ფოთის პორტის ინფრასტრუქტურაში. ამჟამად კომპანია ახორციელებს 43 მილიონი დოლარის ინვესტირებას ნავსადგურსა და არსებული ტერმინალის მოვლაში და განიხილება ასევე გაფართოების პროექტი, რასაც პორტის გაფართოება ჰქვია.

ჩვენმა კლიენტმა გვთხოვა, გითხრათ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ძალიან ბევრი მიმართულებით ბადებს კითხვის ნიშნებს. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში უმსხვილესი ნავსადგური და მისი ოპერატორი წინააღმდეგია ამ ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა თუ დღევანდელ ფორმატში არის შესაძლებელი დავსვათ ეს კითხვები;

როდესაც ეს კანონპროექტი ეხება ინდუსტრიას და ამ ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილი კომპანია ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას, მას უნდა მიეცეს ჩართულობის შესაძლებლობა. ძალიან უცნაურია დაჩქარებული წესით განხილვა. ამის მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ. ძალიან უცნაურია, რომ თითქმის პრესიდან შეიტყო ფოთის პორტმა ამ კანონპროექტის შესახებ და ჩართული არ იყო ამ პროცესში.

ეს კანონპროექტი შეეხება ბიზნესკლიმატს, რადგანაც კომპანიის მშობელი კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია ჰააგაში, განიხილავს მიმართოს ყველა ღონისძიებას. 1998 წელს საქართველოს და ნიდერლანდებს შორის გაფორმდა საინვესტიციო საკუთრების დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმება და ეს კანონი იქნება პირდაპირი დარღვევა ამ შეთანხმების.

ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაა შესწავლილი ამ კანონპროექტის ზემოქმედება, მათ შორის ფოთის პორტის საქმიანობის უსაფრთხოებაზე, ლოგისტიკურ ოპერაციებზე და ასე შემდეგ. ამ კუთხითაც ვხედავთ რომ საკითხი არ არის შესწავლილი სწორად.

გთხოვთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მოხდეს იმ ფორმით, რომ საშუალება მიეცეს ინდუსტრიაში მთავარ მონაწილეს ჩართული იყოს ამ პროცესში. ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, რომ დაჩქარებული განხილვა იყოს. ფოთის პორტი შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობს,” - განაცხადა კახა შარაბიძემ.