მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრემიერი საბაბს ასაღებს მიზეზად“ – ევროპულ–ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს

647792e6ae3af
ელენე კვანჭილაშვილი
31.05.23 22:35
575
„საქართველოს პრემიერი ალბათ ვერ ასხვავებს საბაბს მიზეზისგან“ – ასე უპასუხა ევროპულ–ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა „ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას: რატომ არის მანიპულაცია პრემიერის პოლიტიკის მხარდამჭერებისგან შეკითხვის ასე ფორმულირება – რა იყო სიცრუე პრემიერის გამოსვლაში, როცა მან უკრაინასა და "ნატო"–ზე ისაუბრა?

რატომ დაიწყო რუსეთმა 2022 წელს უკრაინასთან ომი? - ეს კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, თემატური დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა, რაზეც მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ რუსეთის მთავრობის ციტირება არ სურს, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.

გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ მეათე თუ მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელოში არის განმარტება, რა არის საბაბი და რა არის მიზეზი.

„როგორც ჩანს ბატონ პრემიერს, სამწუხაროდ, არ ესმის განსხვავება ამ ორ სიტყვას შორის. რუსეთი არის იმპერიალისტური სახელმწიფო – რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც უნდა საკუთარი მეზობლების ჩაყლაპვა. რა იქნება ამ ჩაყლაპვის საბაბი – იქნება ეს ნატო–ს გაფართოება, იქნება ეს მარსზე ვულკანის აფეთქება თუ არ ვიცი, ნებისმიერი სხვა რამ – ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რუსული ბუნება – და საქართველომ ეს ბუნება ძალიან კარგად იცის – სად იყო ნატო და ევროკავშირი 1993 წელს, სად იყო ნატო და ევროკავშირი 1921 წელს – რუსეთის ამოცანა, რუსეთის სურვილია დაიმონოს საკუთარი სამეზობლო და ამისთვის ის ეძებს სხვადასხვა საბაბს. სამწუხარო არის პრემიერის განცხადებაში ის, რომ მას ეს არ ესმის,“ – ამბობს გიორგი მელაშვილი „ანალიტიკა“–სთან.

ევროპულ–ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი ამბობს, რომ პრემიერი „საბაბს ასაღებს მიზეზად“ და ამავდროულად, „სრულიად მოწყვეტილია მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს, პოზიციებს. მარტივად – არ ესმის, რომ რუსეთი არა მხოლოდ მარცხდება, არამედ საქართველოსთვის გაიხსნა უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რომლის არგამოყენება არის ალბათ საქართველოს ინტერესების ყველაზე დიდი ღალატი, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო უახლეს ისტორიაში“ – ამბობს „ანალიტიკა“–სთან საუბარში გიორგი მელაშვილი.

ევროპულ–ქართული ინსტიტუტის დამფუძნებლის თქმით, შესაძლებლობის ფანჯარა უსასრულოდ ღია არ იქნება, რადგან ევროპაში არჩევნები მოდის და უკრაინის ომიც, იმედი აქვს, მალე დასრულდება, ამიტომ საქართველომ მისთვის ბოძებული შანსი აუცილებლად დროულად უნდა გამოიყენოს.

„ ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომელიც ქართულმა სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ბალტიის ქვეყნებმა მიიღეს ნატო–ს წევრობა და დღეს მათ უსაფრთხოებაზე კითხვები აღარ არსებობს. იგივე უნდა მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც,“ – ამბობს გიორგი მელაშვილი.

„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვის საპასუხოდ – რამდენად შეძლებს საქართველოს სახელმწიფო ამ შანსის გამოყენებას, თუკი რუსეთის მაშველ რგოლად გადაიქცევა – გიორგი მელაშვილი წუხილს გამოთქვამს, რომ უფრო მეტი ადამიანი იჯერებს დღეს, რომ საქართველო რუსეთის სატელიტი სახელმწიფო ხდება – „ერთგვარი პატარა ბელარუსი უკეთესი კლიმატით და სამზარეულოთი“.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს აღქმა ევროპაში ნელ–ნელა ვრცელდება იმიტომ, რომ ქართული ოცნება ამისთვის ყველაფერს აკეთებს მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. იმის ნაცვლად რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ეზრუნა რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაზე, ევროკავშირისგან მეტი პირდაპირი ინვესტიციის მოზიდვაზე, იმაზე რომ გაცილებით მეტი ურთიერთობა დამყარებულიყო ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი პირიქით ხდება: იზრდება პირდაპირი დამოკიდებულება რუსეთზე, იზრდება პირდაპირი ფინანსები, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში შემოდის, რაც გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკისთვის რისკის შემცველია,“ – ამბობს „ანალიტიკა“–სთან გიორგი მელაშვილი.