30.ოქტომბერი .2020 17:35

პრემიერის მრჩეველი: სხვა პარტიებთან შედარებით „ოცნების“ პროგრამა ცალსახად ლიდერია

views 286
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა სხვა პარტიების პროგრამებთან შედარებით ცალსახად ლიდერია. ამის შესახებ მან ForbesTalks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ სახელისუფლებო პარტიის პროგრამას სხვებისგან ის გამოარჩევს, რომ „რეალიზებადია“.

ბექა ლილუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაზე პარტიის წარმომადგენლებმა, მინისტრებმა და ექსპერტებმა იმუშავეს.

„საარჩევნო პროგრამის მთავარი ხაზი იყო მისი მაქსიმალურად რეალიზებადობა და ამ ხაზის ირგვლივ აეწყო მთელი პროგრამა. იყო საუბრები იმაზე, რომ ჩვენი პროგრამა არის მოკრძალებული და ახლა, უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ პროგრამა ცალსახად ლიდერია სხვა პარტიების პროგრამებთან შედარებით და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ისაა, რომ ის დაფუძნებულია არგუმენტაციაზე, მიღწეულ შედეგებზე და ისეთ გეგმებზე, რომელიც შემდეგი 4 წლის განმავლობაში სრულად რეალიზებადია“, - აღნიშნა მან.

წამყვანის კითხვაზე - ბექა ლილუაშვილის ასეთი შეფასება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის იცნობს კონკურენტი პარტიების ეკონომიკურ პროგრამებს, პრემიერის მრჩეველი აცხადებს, რომ „რა თქმა უნდა, ეს ამას ნიშნავს“.

„მე ჩართული ვიყავი „ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის შემუშავების ნაწილში და შეფასებისთვის, ბუნებრივია, სხვა პარტიების პროგრამებსაც გავეცანით. ამ პროცესში კი, ვნახეთ ისეთი დაპირებები, რომელიც არგუმენტაციის ნაწილში პოპულისტური ხასიათისაა და ასევე, სერიოზული პრობლემები აქვთ გათვლების კუთხით. ზოგიერთ პარტიას საარჩევნო პროგრამაში ისეთი რაღაცები უწერია, რაც მოითხოვს დამატებით 24 მლრდ ლარის საბიუჯეტო რესურსის მობილიზებას - მაგალითად, ერთი კონკრეტული პარტია აცხადებს, რომ გადასახადებს შეამცირებენ ან გააუქმებენ და მეორე მხრივ, სოციალურ ხარჯებს გაზრდიდან. მე არ ვაკრიტიკებ ამ პროგრამების მიმართულებას, მაგრამ ვაკრიტიკებ იმას, რომ ამ დაპირებების ერთადერთ არგუმენტაციად მოყვანილი ჰყავს მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის პარამეტრი რა არის ჩვენი ტიპის ეკონომიკისთვის და რამდენად რეალიზებადია ამ პარამეტრის მიღწევა, ამაზე პროგრამაში არაფერი წერია. ასევე, სამწუხაროდ, ფისკალურ პარამეტრებზე საუბრისას ხშირად იყენებენ პარტიები მიმდინარე ხარჯების ნარატივს, რომ მისი შემცირებით დააბალანსებენ სოციალური დაპირებების ხარჯებს. მაგალითად, ასევე, ერთ-ერთი პარტია ამბობს, რომ 2 მლრდ-ით შეამცირებს მიმდინარე ხარჯების მოცულობას, მაშინ როდესაც დღეს ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელის, ჯარის, პოლიციის და მუნიციპალიტეტების ხარჯი უფრო ნაკლებია, ვიდრე - 2 მლრდ ლარი. ანუ ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უარყოფილია სახელმწიფო აპარატის არსებობს, რაც უტოპიაა“, - აცხადებს პრემიერის მრჩეველი.

ცნობისთვის: ბექა ლილუაშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ხვალ, 20:00 საათზე BMG-ის ციფრულ არხზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა