მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროცესი მიდის, ჯერ არავის არავინ აურჩევია - მინისტრი ბაკურიანის გათოვლიანების შესყიდვაზე

62825de70eace
BM.GE
16.05.22 18:44
742
საქართველოს მთავრობა ბაკურიანში, კოხტა-მიტარბიზე, ასევე დიდველზე გათოვლიანების ახალი სისტემების მოწყობას გეგმავს. პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA (მთის ტრასების სააგენტო) ახორციელებს, რომელმაც პოტენციური კონტრაქტორებისგან წინადადებები უკვე მიიღო.

2023 წელს საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, რისთვისაც მთავრობა ბაკურიანში მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს.

MTA-მ ამ პროექტისთვის ბაზრის კვლევა მარტში დაიწყო და ამ კვლევაში მიწვეული იყვნენ წამყვანი ევროპული კომპანიები Technoalpin (ავსტრია); HDI - Leitner/Demaclenko Group (იტალია); MND Group (საფრანგეთი). ბაზრის კვლევის შედეგად, პროექტის სავარაუდო ღირებულებად 137,828,653 ლარი განისაზღვრა.

BMG-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, MND Group-მა უარი თქვა საკუთარი ფასის წარდგენაზე. შესაბამისად, 5 მაისს სახელმწიფოს სულ ორმა კომპანიამ წარუდგინა შეთავაზება:

● Technoalpin - ფასი 137,798,395 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 30,258 ლარით ნაკლებია;
● Leitner/Demaclenko Group - ფასი 91,939,038 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 45,880,616 ლარით ნაკლებია.

ამ შესყიდვაზე დღეს კითხვა დაუსვეს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ჯერჯერობით საუბარია არა უშუალოდ ტენდერზე, არამედ “ფასთამოკვლევის პროცესზე”, ხოლო მის შედეგად ჯერ არცერთი მომწოდებელი არ არის არჩეული.

„ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საუბარი ტენდერზე, ეს არის ფასთამოკვლევის პროცესი. რაც შეეხება პროცესის პოლიტიზებას, აბსოლუტურად წარმოუდგენელია - პროცესი მიდის, ჯერ არავის არავინ აურჩევია. მიდის შეფასება, რადგან იქ არის ძალიან ბევრი საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა უნდა მოხდეს და ეს პროცესი უნდა შედგეს. გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.