მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიები, რომლებიც შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს

6445355a50e01
ლიკა მეგუთნიშვილი
24.04.23 10:00
14990
Goldman Sachs-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, დაახლოებით 300 მილიონი სამუშაო ადგილის ავტომატიზაცია მოახდინოს. ანგარიშის თანახმად,  სოფლის მეურნეობაში, სამთო მრეწველობასა და წარმოებაში სამუშაო ადგილები ყველაზე ნაკლებად დგას ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების საფრთხის წინაშე, ხოლო ტექნოლოგიური სამუშაოები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები, ვებ დეველოპერები, კომპიუტერის პროგრამისტები, მონაცემთა ანალიტიკოსები თუ IT სპეციალისტები - AI-ით ჩანაცვლების ყველაზე დიდი რისკის წინაშე არიან.

პირველი ინდუსტრია, რომელზეც ხელოვნურ ინტელექტს უახლოეს მომავალში ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია - მედია და მარკეტინგია. როგორც მეცნიერები ამბობენ, ახალი ამბების 90%-ს 15 წლის შემდეგ სწორედ ხელოვნური ინტელექტი დაწერს. მაგალითად, Natural Sciences-ს აქვს პროგრამული უზრუნველყოფა, სახელწოდებით Quill, ხელოვნური ინტელექტის პერიფრაზირების ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიის ანგარიშებს წერს.

გერმანელმა გამომცემელმა Axel Springer-მა კი, თებერვალში განაცხადა, რომ სამუშაო ადგილების მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს, რადგან გამომცემლობაში ადამიანების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია. ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალება, მაგალითად Business Insider, CNET და CNBC ახალი ამბების დასაწერად ChatGPT-ს უკვე აქტიურად იყენებენ.

რაც შეეხება მარკეტინგულ სფეროს, ამერიკელი მარკეტოლოგების 84%-ის თქმით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მათ ბევრად ეფექტიანი შედეგი მიიღეს. ნახევარზე მეტი კი იმასაც ამბობს, რომ AI-ის გამოყენებას მომავალში უფრო აქტიურად გეგმავენ, რაც სამუშაო ადგილებს გარდაუვალად შეამცირებს.

კიდევ ერთი სფერო, რომელზეც ხელოვნური ინტელექტი გავლენას მოახდენს, იურიდიული სერვისებია. არაერთმა ამერიკულმა იურიდიული მომსახურების ცენტრმა, ChatGPT-ის გამოყენებით იურიდიული ნაშრომების შექმნა უკვე ინტენსიურად დაიწყო. მაგალითად, იურიდიულ სერვისებში ხელოვნურ ინტელექტს უკვე დიდი ხანია იყენებს იურიდიული მომსახურების კომპანია Lawgeex. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ChatGPT იურიდიულ კონტრაქტებს გაცილებით უფრო სწრაფად და სწორად კითხულობს, ვიდრე ადამიანები და AI-ს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულების თემები სრულყოფილად დააგენერიროს.

Legal Services Corp-ის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ იურიდიულ კომპანიათა რაოდენობა, რომლებმაც ადამიანური რესურსის შემცირება და მათ ნაცვლად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს.

კიდევ ერთი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩანაცვლების საფრთხე ემუქრებათ - წარმოებისა და ქარხნების მუშები არიან. პროცესი უკვე დაწყებულია. წარმოებაში რობოტების პირველად General Motors-მა 1962 წელს გამოიყენა და მას შემდეგ მწარმოებლებმა საკუთარ ქარხნებში რობოტების მასობრივი გამოყენება დაიწყეს. თუმცა რობოტებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. რობოტი ერთი კონკრეტული დავალების შესასრულებლად გამოიყენება, მაგალითად, მძიმე ნაწილების გადასაზიდად, ხოლო ხელოვნური ინტელექტი - გადაწყვეტილების მისაღებადაა საჭირო. რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის სინთეზი კი, იძლევა შესაძლებლობას, რომ პროცესები მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდეს.

MIT-ისა და ბოსტონის უნივერსიტეტის ანგარიშის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი, 2025 წლისთვის სავარაუდოდ 2 მილიონ მწარმოებელ მუშაკს ჩაანაცვლებს. კვლევაში ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მაგალითია მოყვანილი, რომლის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტი დანერგეს, პროდუქტიულობა 250%-ით გაიზარდა, ხოლო პროცესში ხარვეზები 80%-ით შემცირდა.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საფინანსო და საბანკო სფეროც. ბანკებმა ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა უკვე დაიწყეს. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ბანკების 56% აცხადებს, რომ AI-ს დანერგვის შემდეგ პროცესები გაცილებით დაჩქარდა, ამასთანავე მათ ხარჯების დაზოგვა და შემოსავლების გაზრდა შეძლეს.

როგორც Capital One-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, AI დეტალურად იკვლევს ტრანზაქციებს და ასევე მომხმარებლებს ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის სწორ ფინანსურ რჩევებს აძლევს.

Morgan Stanley-ის ინფორმაციით კი, ხელოვნური ინტელექტი ბანკირებს დაგროვილი კაპიტალის მართვაშიც დაეხმარება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი პროგნოზირებს, რომ საფინანსო სექტორში ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში პროცესების ეფექტიანობის ზრდის პარალელურად, სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. მათი შეფასებით მათი შეფასებით, 2027 წლისთვის ჩინეთის საფინანსო სექტორში სამუშაო ადგილების 23% AI-ით ჩანაცვლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები