მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული აჯაფსანდალი კანადაში ექსპორტზე გავიდა - "ნაციონალური დელიკატესი” ბაზრებს აფართოებს

61a31ea2c5cd3
მარიამ იზორია
28.11.21 10:10
2401
ქართული სწრაფი მომზადების კერძების მწარმოებელმა კომპანია "ნაციონალურმა დელიკატესმა“ 4 დასახელების ახალი პროდუქტი ექსპორტზე კანადაში გაიტანა. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ოთარ სიმონიშვილმა bm.ge-ის განუცხადა კანადაში 20 000 შეფუთვა მზა კერძი გააგზავნეს, მისივე თქმით, ამ დროისთვის შედარებით დიდი მოცულობის შეკვეთას ყაზახეთისთვის ამზადებენ, რომელსაც უახლოეს მომავალში გაიტანენ. ამასთან კომპანია რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან საექსპორტოდ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„კანადაში 4 დასახელების ვეგეტარიანული მზა კერძის შეფუთვა, მათ შორის აჯაფსანდალი, ყაბაყის კრემსუპი, ლობიო და სოკოს ჟულიენი გავგზავნეთ, ჯამში სულ 20 000 შეფუთვა. ახლა შედარებით დიდ მოცულობას ყაზახეთისთვის ვამზადებთ, საექსპორტო არეალის გაფართოების მიზნით, მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთანაც ვაწარმოებთ, მათ შორის რუსეთთანაც“ - განმარტავს ოთარ სიმონიშვილი.

„ნაციონალური დელიკატესის“ დამფუძნებელმა bm.ge-სთან პანდემიის გავლენაზეც ისაუბრა და როგორც თავად აღნიშნა, კომპანიამ ჯერჯერობით გაყიდვების მხრივ 2019 წლის ნიშნულს ვერ მიიაღწია, თუმცა ძირითადი მუშახელის შენარჩუნება მოახერხა.

„წელს მხოლოდ შვიდი თვე ვიმუშავეთ, ოთხი თვე პანდემიის გამო შევფერხდით, პოლონეთსა და ნორვეგიაში გაფორმებული ხელშეკრულებები გაგვიუქმდა, თუმცა კადრების შენარჩუნება მაქსიმალურად მოვახერხეთ“ - ამბობს სიმონიშვილი.

„ნაციონალურმა დელიკატესმა", რომელიც ჯამში 14 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, ვეგეტარიანულ ხაზს 4 ახალი დასახელების პროდუქტი დაამატა, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე ყიდიან. უახლოეს პერიოდში ახალი პროდუქცია საქართველოს ქსელურ მარკეტებშიც გამოჩნდება.