მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ალკოჰოლის ბრენდი „ჩაკ რულო“ Opensea-ზე NFT-ს კოლექციას განათავსებს

61fd2a54f3333
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.22 21:37
1581
ქართული ალკოჰოლის ბრენდი Charles Rullo, 22 თებერვლიდან, Opensea-ზე 10 000 უნიკალური NFT-სგან შემდგარ კოლექცია Charles Rullo Voyage განათავსებს.

Charles Rullo იგივე „ჩაკ რულოს“ უნიკალური რეცეპტურის სასმელი ადგილობრივ ბაზარზე პანდემიის პერიოდში გამოჩნდა. სტარტაპმა ერთ წელიწადში მოგებაზე გასვლაც შეძლო და დღეს პროდუქტის ავტორებმა ლევან ჩიკვაიძე და ლევან ტურძელაძემ ქართული ალკოჰოლური სასმელის ციფრული პროდუქტის შექმნის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

„ვინაიდან საქართველოში NFT ტალღა გააქტიურდა, გადავწყვიტეთ, რომ ეს მიმართულება ჩვენთვისაც საინტერესო იქნებოდა. მით უმეტეს ალკოჰოლი ციფრულ სამყაროში ახლა იკიდებს ფეხს. მაგალითად, პლატფორმა Block Bar-ი ლაქშერი ბრენდის შეზღუდული წარმოების სასმელს ძალიან კარგად ყიდის“, - აღნიშნავს კომპანიის კრეატიული დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

მისივე ინფორმაციით, Charles Rullo Voyage კოლექციის ე.წ. და-mint-ვა - გამოშვება Opensea-ს Polygon ბლოკჩეინზე 22 თებერვალს მოხდება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ Charles Rullo Voyage კოლექციის გამოშვება Opensea პლატფორმაზე, რომელიც 10 000 უნიკალური NFT-სგან იქნება შემდგარი. თითეული NFT - ს გამოყენებით შესაძლებელი იქნება Charles Rullo - ს დისკორდ სერვერზე დახურულ არხთან დაკავშირება, სადაც ექსკლუზიური ინფორმაცია გაიცვლება ღონისძიებების, სიახლეების და მიქსოლოგიის შესახებ. ამ არხზე მოხვედრას მხოლოდ NFT - ის მფლობელებს ექნებათ. საერთაშორისო მომხმარებლისთვის და მათთვის, ვინც ჩართულია ამ პროცესებში ექსკლუზიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. თითო NFT-ს ფიქსირებული ფასი 0.08 ეთერიუმი იქნება, რაც 250 დოლარია. შემსყიდველებს NFT-ს გადაყიდვა სხვაზეც შეეძლებათ, რაშიც ჩვენი ინტერესის 10% რჩება. ოპტიმისტური გათვლებით თუ 5 000 NFT-ის გაყიდვას შევძლებთ, მილიონებზე გვქნება საუბარი“, - უთხრა BM.GE-ის „ჩაკ რულოს“ ერთ-ერთმა შემქმნელმა.


ცნობისთვის: Charles Rullo, იგივე „ჩაკ რულო“ უნიკალური რეცეპტით და ჭაჭის ინსპირაციით შექმნილი ალკოჰოლური სასმელია, თუმცა ტრადიციული ჭაჭა არ არის. „ჩაკი“ რქაწითელის ყურძნის დისტილატის და ნატურალური შავი სტაფილოს ნაზავია, რაც მას ვიზუალურად მიმზიდველს, რბილად დასალევს და განსაკუთრებით არომატულს ხდის. სასმელში ალკოჰოლის შემცველობა 40%-ია.

პარტნიორებს ლევან ჩიკვაიძესა და ლევან ტურძელაძეს ყურძნის განსხვავებული პროდუქტის შექმნის იდეა 2017 წელს გაუჩნდათ და ამის შემდეგ მის რეცეპტურაზე მუშაობა დაიწყეს. როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი ლევან ჩიკვაიძე განმარტავს, ბრენდის კონცეფცია მოგზაურობასთან და კოსმოსთან კავშირშია და ბრენდის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. დღეისთვის „ჩაკ რულო“ "აჭარა ჯგუფის" რესტორნებში, 30-მდე ბარში, მთის კურორტებზე მოქმედ ობიექტებზეა წარმოდგენილი. ამასთან, მომხმარებელს მისი შეძენა „ალკორიუმის“ და „სმარტის“ რამდენიმე ფილიალში 26-28 ლარად შეუძლია.