ღვინო საქართველოს საექსპორტო ათეულში მეოთხე პოზიციას იკავებს. 2021 წლის განმავლობაში ქვეყნიდან სულ 124.8 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ექსპორტის მატება რეგიონის ქვეყნებში გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება.
პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, არსებობს რისკებიც, რაც ქართული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე კონცენტრაციას უკავშირდება. 2021 წლის მდგომარეობით, რუსულ ბაზარზე ღვინის ექსპორტის 57% მოდის, 58% იყო ეს მაჩვენებელი 2020 წელსაც, ხოლო ბოლო 5 წლის ჭრილში კი ის 57-62%-ის ფარგლებში მერყეობდა.
უფრო დეტალურად, გასულ წელს საექსპორტო ბაზრების გადანაწილება ასეთი იყო:
მთავრობა არსებული ვითარების შეცვლას არაპირდაპირი ისნტრუმენტების გამოყენებით ცდილობს. გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარადგინა ახალი პროგრამა, რომელიც მეღვინეობებს საინფორმაციო და მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების შესაძლებლობას აძლევს. თითოეულ კომპანიას სახელმწიფოსგან ამ მიზნით 600,000 ლარამდე სუბსიდიის მიღება შეეძლება. პროგრამის პირობების თანახმად, ღვინის კომპანიამ მიღებული თანხით მარკეტინული აქტივობა დსთ-ის ბაზარზე არ უნდა განახორციელოს.
სტატისტიკის თანახმად, 2016-2019 წლებში საქართველოს ღვინის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა. თუკი წლის ბოლომდე ექსპორტის ზრდის არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, მაშინ წელს ექსპორტი 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რეკორდული მოცულობის იქნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტით 370-ზე მეტი კომპანია არის დაკავებული; ჯერჯერობთით, უცნობია რამდენი ექსპორტიორი გადაერთვება დასავლურ ბაზარზე მარკეტინგზე და რა ეფექტი ექნება ამ ინიციატივას.