მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სათამაშოების ევროპული გეგმები ყანჩელის მელოდიებით

5e0b5357edfcc
დავით ჯალაღონია
02.01.20 12:00
2074
"ჩიკატაი" ქართლი სათამაშოების ბრენდია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, ანტიალერგიულ, ძირითადად მუსიკალურ სათამაშოებს აწარმოებს. მათი სათამაშოები გია ყანჩელის მელოდიებს უკრავენ, რაზეც საავტორო უფლება თავად კომპოზიტორისგან მიიღეს.

როგორც "ჩიკატაის" დამფუძნებელი თამარ ბუიღლიშვილი BM.GE–ისთან საუბრისას აღნიშნავს, სწორედ ბრენდის მუსიკალური მხარე იყო მათი წარმატების მთავარი მიზეზი.

"უკვე ორი წელი გავიდა, რაც ეს ბრენდი გვაქვს. ჩვენი სათამაშოები ძირითადად ცხოველები, ფრინველები და ბუნების ბინადრები არიან. ეს სულაც არ არის შემთხვევითი, რადგან გვინდა ბავშვებს უფრო მეტად შევაყვაროთ ცხოველები.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან ერთად ახალი კამპანია დავიწყეთ - საქველმოქმედო ქურციკი გავაკეთეთ და ამ სათამაშოს გაყიდვებიდან შემოსავალი ქურციკების რეპროდუქციის პროექტში გადაირიცხება, რითიც მათი მონიტორინგისთვის საჭირო აღჭურვილობას შეიძენენ", – ამბობს თამარ ბუიღლიშვილი.



"ჩიკატაის" სათამაშოები 18–მა ქვეყანამ, ონლაინ–შეკვეთების შედეგად, უკვე გაიცნო. მოთხოვნა ძირითადად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისგან მოდის.

"ექსპორტისთვისაც ვემზადებით, მოლაპარაკებები გვაქვს ევროპაში. ჩვენი პროდუქტი სასაჩუქრედ ჩამოყალიბდა და ძალიან ხშირად მიაქვთ საჩუქრად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის.

"აწარმოე საქართველოს" პროექტებშიც ვმონაწილეობთ. ასევე GIZ-ის პროგრამით გერმანიაში, მენეჯმენტის გადამზადების კუთხით მივდივართ და იქვე, პარტნიორებთან, ექსპორტის კუთხით, შეხვედრები იგეგმება", – აღნიშნავს "ჩიკატაის" დამფუძნებელი.

რაც შეეხება გამოწვევებს, მათ ჩამონათვალში ქართული სათამაშოების სახელოსნოს ხელმძღვანელი ძირითადად პროფესიონალი კადრების დეფიციტს ასახელებს.

"ზოგადად, ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ძალიან რთულია აქ სერტიფიცირებული მასალების მოძიება, ჩვენს შემთხვევაში ნაჭრები. ასევე, კადრების კუთხითაც ცოტა რთულია კონკრეტულად სათამაშოებისთვის მკერავების მოძიება. ზოგადად, დიდი მოთხოვნაა მკერავებზე", – აცხადებს "ჩიკატაის" დამფუძნებელი.

ცნობისთვის: "ჩიკატაის" სათამაშოები დღეისთვის თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახელოსნო–მაღაზიაშია წარმოდგენილი.