მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართველი ექსპორტიორების ზარალი ომის ხაგრძლივობაზე იქნება მიბმული“ - ბესო ნამჩავაძე

62397a114ba97
თათია ჩაფიჩაძე
26.03.22 22:00
1161
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ რუსეთში ექსპორტირებული ქართული პროდუქციის ზრდადი ტენდენციის შენარჩუნების მიუხედავად, რუსეთის წილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უკვე 6%-ით არის შემცირებული.

ამასთან ომის გავლენა უკვე შესამჩნევია უკრაინაში გატანილი პროდუქციის მაჩვენებლებში, სადაც კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ია.

ნამჩავაძე აცხადებს, რომ ომის გამო დაწესებული სანქციების შედეგები ქართველი ექსპორტიორი კომპანიებისთვის განსაკუთრებით შესამჩნევი მომდევნო თვეების განმავლობაში იქნება, თუმცა რა იქნება ჯამური ზარალი ომის მიმდინარეობის პირობებში, რთული საპროგნოზოა.

„თებერვალში ომის შედეგები რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტზე არ ასახულა, აისახა უკრაინაზე სადაც კლება 35%-ია. რუსეთში ეს დაიწყებოდა მარტში და აისახება მომდევნო ანგარიშებში, ჯამში წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი თანხა შეიძლება დაგროვდეს. თებერვალში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი კი გაიზარდა, მაგრამ წილი შემცირებულია. შარშან თუ რუსეთის წილი 17% იყო, ახლა არის 11%, ანუ ზრდა ნარჩუნდება, თუმცა ზრდის ტემპი შემცირებულია.

ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპის და სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ვიდრე რუსეთში, რაც ომის პირველი ნიშნებია. ზოგადად ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ყველაზე რთული ჩასანაცვლებელია, გარკვეული ზარალი ამ კომპანიებს ექნებათ, გამორიცხულია რომ სწრაფად ჩაანაცვლონ. თუმცა ტენდენცია ზრდადია ჩინეთის, ევროპის მიმართულებით. ეს სიტუაცია შეიძლება გამოვიყენოთ დიპლომატიურად, პოლიტიკურად იმგვარად რომ გააქტიურდნენ და დაეხმარონ ქართულ ბიზნესს, რათა უფრო მეტად მოვახდინოთ გადამისამართება სხვა ბაზრებზე.

კლასიკური ეკონომიკური კრიზისებისგან განსხვავებით ომის გამო შექმნილი კრიზისი არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება, შეიძლება 2-3 თვეში აღდგეს, არავინ იცის ერთ თვეში დამთავრდება ომი, თუ ერთ წელში. ზარალი იქნება მიბმული ომის ხანგრძლივობაზე და იმაზე, თუ რამდენ ხანს იქნება რუსეთი მოქცეულ ასეთი მკაცრი სანქციების ქვეშ.

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს, ეს უკვე ასახულია, მათ შორის პრობლემას ქმნის რთული ამინდები, რაც უშლის ხელს სახმელეთო ვაჭრობის განვითარებას. გარკვეულ პროდუქტებზე რაც მაგალითად უკრაინიდან შემოდიოდა, დეფიციტი არ შეიქმნება, მაგრამ ფასი გაიზრდება რადგან ჩანაცვლდება სხვა ალტერნატივებით, რაც უფრო ძვირია. თუმცა თუ ლარის კურსს ექნება გამყარების ტენდენცია, შეიძლება სამომხმარებლო ფასები აღარ გაიზარდოს.“ - განაცხადა ნამჩავაძემ.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ რუსეთში ექსპორტზე $93 მლნ-ის საქონელი გაიტანა. მათგან ყველაზე დიდი წილი ფეროშენადნობებზე მოდის, რომლის ჯამური ღირებულება $32.7 მლნ იყო. $20.1 მილიონის ყურძნის ნატურალური ღვინოები გაიგზავნა, მინერალური და მტკნარი წყლების ჯამურმა თანხამ კი $9.5 მილიონი შეადგინა.