მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთი ქვარცხავა: მარტივი კითხვა მაქვს - ახლა რომ ენგურჰესი შენდებოდეს, გავაპროტესტებდით?

60ae6cb9b550a
ინგა მურუსიძე
26.05.21 21:50
6184
„მარტივი კითხვა მაქვს, ახლა რომ ენგურჰესი შენდებოდეს, რას გავაკეთებდით?!", - ამ კითხვას უსვამს BLC Law Office-ის პარტნიორი ადვოკატი ქეთი ქვარცხავა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის და ზოგადად, ჰიდრორესურსების ათვისების მოწინააღმდეგეებს.

Bm.ge-მ მას „ნამახვანჰესის“ კონტექსტში პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირება სთხოვა, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის ნიშნებს ხედავს.

„თუ საქმე გვაქვს ჰიბრიდულ ომთან, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს ევალება, ხალხს აუხსნას, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რადგან ამ წუთას ძალიან ბევრი საინვესტიციო პროექტი მძიმე მდგომარეობაშია - დაპაუზებულია და ვერ ხდება ბოლომდე მიყვანა; შესაბამისად, ვერ ხდება ქვეყნის ჰიდროპოტენციალის ათვისება; სახელმწიფო პრაქტიკულად ვერ ახორციელებს თავის ფუნქციას, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ინვესტორმა იმუშაოს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მთავრობისგან კონტრაქტით მიიღო.

ერთი მარტივი კითხვა მაქვს, ახლა რომ შენდებოდეს „ენგურჰესი“, რას გავაკეთებდით?! „ენგურჰესმაც“ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა გარემოზე, ლანდშაფტი შეცვალა, გეოპოლიტიკური მდგომარეობაც კი გარკვეულწილად საკმაოდ სპეციფიკურია... ამიტომ მაინტერესებს, ის ადამიანები, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, რას იტყოდნენ, ახლა რომ შენდებოდეს ენგურჰესი, უნდა აშენდეს თუ არა იმ შედეგების და სიკეთის გათვალისწინებით, რაც ამ ჰესმა მოიტანა?!“, - აცხადებს ქეთი ქვარცხავა.

გამომდინარე იქიდან, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ინვესტორ კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაა, BLC Law Office-ის პარტნიორ ადვოკატს bm.ge-მ ჰკითხა - რა გზავნილი იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარდება.

ქეთი ქვარცხავას აზრით, ეს ცალსახად სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაკარგვას გამოიწვევს.

„როცა სახელმწიფო არ თუ ვერ ასრულებს ვალდებულებებს, ეს არის ნეგატიური გზავნილი ნებისმიერი პოტენციური ინვესტორისთვის, რადგან მთავრობა, რომელსაც ახასიათებს იმ ხელშეკრულებების შეწყვეტა, რაზეც ხელი აქვს მოწერილი, ნიშნავს ერთადერთ რამეს - მის მიმართ ნდობა აბსოლუტურად იკარგება“, - აღნიშნა ქეთი ქვარცხავამ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ იმ ინვესტორებს, რომლებიც რისკავენ და საქართველოში დებენ ინვესტიციას.

„რა თქმა უნდა, სასურველია, რომ აქ იდებოდეს იაპონური და ამერიკული ინვესტიციები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის ხალხი კიდევ უფრო ფრთხილია. ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ გარისკა და ინვესტიცია ჩადო, აქ კი ასეთი პრობლემები აქვს - რა გზავნილია ეს სხვა ქვეყნებისთვის? - ბუნებრივია, ძალიან ცუდი. სახელმწიფომ თავისი პირობა უნდა შეასრულოს და ნებისმიერი პირი, რომელიც ადგება და ყოველგვარი აპელირების ან საკითხის სიღრმისეული შეფასების გარეშე ამას ხელს უშლის, არის მავნებელი. ჩემს პროფესიაში არსებობს ერთი კარგი გამოთქმა - ყველას გვაქვს უფლება, გაგვაჩნდეს ჩვენი საკუთარი აზრი, მაგრამ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი საკუთარი ფაქტები“, - აცხადებს იურისტი.