მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"46-ჯერ დაბარებული თანამდებობის პირები, 21 შემთხვევაში არასაპატიო მიზეზით პარლამენტში არ მივიდნენ"

5f27fd63d52ca
ინგა მურუსიძე
03.08.20 16:00
868
2019 წელს, პარლამენტში 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას, - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც საკანონმდებლო  ორგანოს საქმიანობას ასახავს და  2019 წლიდან 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

კვლევაში წერია, რომ ახალმა რეგლამენტმა დადებითი გავლენა მოახდინა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე, შეიქმნა ახალი ინსტრუმენტები და გაუმჯობესდა არსებული;

ამოქმედდა საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმები - ინტერპელაცია და მინისტრის საათი, მთავრობის წევრები აქტიურად ესწრებოდნენ პლენარულ სხდომებს და პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს: 5-ჯერ ინტერპელაცია, ხოლო მინისტრის საათი 9-ჯერ ჩატარდა. ინტერპელაციაზე ყველაზე მეტჯერ პრემიერ-მინისტრი წარსდგა პარლამენტის წინაშე;

წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სადეპუტატო კითხვის გამოყენება, 2019 წელს პარლამენტის 41-მა წევრმა გაუგზავნა 925 წერილობითი კითხვა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სხვა ანაგრიშვალდებულ პირებს;

არსებითად გაუმჯობესდა და ქმედითი გახდა ფრაქციების მიერ თანამდებობის პირთა დაბარების მექანიზმი, თუმცა რჩება პრობლემებიც. 2019 წელს, 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას;

ანგარიშის თანახმად, მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, მაგ. მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს, (925 დასმული კითხვიდან 139 კითხვას პასუხი არ გაეცა);

ინტერპელაციის შეზღუდული პერიოდულობა შეიცავს რისკებს, რომ დასმულმა საკითხმა ინტერპელაციამდე აქტუალობა დაკარგოს და ასევე შეკითხვების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მცირდება პროცედურისთვის გამოყოფილი დრო, შედეგად, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, შესაძლოა, საფუძვლიანად ვერ მოხერხდეს.

რაც შეეხება კვლევის სხვა ნაწილებს, პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი (ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი) იყო რატი იონათამიშვილი; პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობიდან - ანრი ოხანაშვილი; პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობის გარეთ არსებული ფრაქციებიდან (ოპოზიცია) - ეკა ბესელია; ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი- სერგი კაპანაძე და ყველაზე აქტიური კომიტეტი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.