მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგროლაინი" კახეთში კაკლის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს - ინვესტიცია 5.4 მილიონია

5f1fed5f50a35
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.20 13:50
2373
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „აგროლაინი“ 5.4 მლნ ლარის ინვესტიციით კაკლის გადამამუშავებელ საწარმოს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში აამოქმედებს.

როგორც „აგროლაინის“ დამფუძნებელმა გიორგი მესხიძემ BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, კომპანია კაკლის ბაღების გაშენებით 2014 წლიდან არის დაკავებული და პირველი მცირე მოსავალი შარშან მიიღო; სწორედ აქედან გაჩნდა კაკლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების  საჭიროება.

მისივე ინფორმაციით, საწარმოს წარმადობა, ყოველწლიურად, 500 ტონით გაიზრდება და 2021 წელს - 500 ტონა იქნება, ხოლო 2023 წელს კი 1500 ტონას გადააჭარბებს.

„2019 წელს ჩვენ მიერ გაშენებული კაკლის ბაღები მსხმოიარობაში შევიდა და გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის აუცილებლობა დადგა, რომელიც ესპანელი სპეციალისტების დახმარებით დავაპროექტეთ. საწარმო, ასევე, ესპანური დანადგარებით აღიჭურვება, რომლის შეძენისთვის 1.9 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო ინფრასტრუქტურის და მაღალი სტანდარტების ქარხნის მშენებლობაზე, რომელსაც სამშენებლო კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენი“ ახორციელებს, 3.5 მლნ ლარი დაიხარჯება.



საწარმო წელს უნდა ამოქმედდეს და ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შევძლებთ მის გახსნას.
გამშრალი კაკლისა და ნიგვზის წარმოებაზე ქარხანაში, დაახლოებით, 25 ადამიანი დასაქმდება, უმრავლესობა ადგილობრივი იქნება“, - განაცხადა გიორგი მესხიძემ.

„აგროლაინის“ დამფუძნებლის თქმით, წარმოებული პროდუქტის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნები იქნება, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ქართული წარმოების კაკალი ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.

„სამიზნე ბაზარი იქნება ევროპის ქვეყნები, რადგან ფასი უფრო სტაბილურია, ხარისხზე მოთხოვნაა და ჩვენც უფრო მეტად ამაზე ვიქნებით ორიენტირებული. კონკრეტულად მოლაპარაკებები ესპანეთთან და იტალიასთან გვაქვს, თუმცა უშუალო გადაწყვეტილებას პროდუქციის რეალიზაციის დაწყებისას მივიღებთ.  ამ ბაზრებზე მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, შესაბამისად, კონკურენტუნარიანი ვიქნებით. ვფიქრობთ, წარმოებული პროდუქციის მთლიანი მოცულობა ექსპორტზე გავა, თუმცა პანდემიის გავლენით შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, წელს, შესაძლოა პროცედურები ცოტა გაგვირთულდეს ექსპორტის მიმართულებით და საქართველოს ბაზარზე მოვახდინოთ რეალიზაცია“, - განაცხადა გიორგი მესხიძემ.

მისი თქმით, საქართველოში კაკალსა და ნიგოზზე დიდი მოთხოვნაა და ბაზარი იმპორტირებული პროდუქტით არის გაჯერებული, ამიტომ „აგროლაინის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველოში მათი პროდუქტის რეალიზაციის მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ.