მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ რეფორმების გატარებისკენ ბევრჯერ მოგვიწოდეს" - ციმაკურიძე EU-ს 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე

62c5f2d5c58f3
ალა ისპირიანი
07.07.22 00:53
594
"დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკატერინე ციმაკურიძე  აცხადებს, რომ EU-ს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გეგმა დროში გაწელილი და არაადეკვატურია. როგორც მან გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, აუცილებელი რეფორმებისა და საკანონმდებლო პაკეტების მომზადებისთვის, დიდი სამუშაო, მათ შორის "ოცნების" მონაწილეობითაც, უკვე გაწეულია, ახლა კი საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება.

მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული რეფორმების გატარებისკენ საქართველოს ამ დრომდეც არაერთხელ მოუწოდეს. 

“ჩვენ, როგორც ასოცირების შეთანხმებით, ისე სხვადასხვა ევროპარლამენტის რეზოლუციებით, ეუთო/ოდირის თუ ვენეციის კომისიის დასკვნებით, ძალიან ბევრჯერ მოგვიწოდეს ამ რეფორმების გატარებისკენ.

„ქართული ოცნების" მონაწილეობითაც ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული ამ რეფორმების და საკანონმდებლო პაკეტების მომზადებისთვის. ნაწილი მათგან ინიცირებულია პარლამენტში და გაჩერებულია მათი განხილვა, ამიტომ ამ 12 პუნქტის სულისკვეთებაა, რომ ხელისუფლებამ ნება გამოავლინოს და უბრალოდ ის რეფორმები დაამტკიცოს, რომელზეც ძალიან ბევრი წელია ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან და სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ქვეყანაში მუშაობა მიმდინარეობდა. რაც მთავარია ამ რეფორმების გარშემო მრავალმხრივი შეთანხმება არსებობს.

ამ რეფორმებს ეთანხმებიან: არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილზე, საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნები. საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში პირდაპირ არის მითითებული და მოწონებული ცალკეული პროექტები და ამ რეფორმებს საპარლამენტო ოპოზიცია ეთანხმება. ამიტომ რჩება მხოლოდ პოლიტიკური ნება", - განაცხადა ციმაკურიძემ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ გაცხადებულ გეგმაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი "ცდილობენ მოიფიქრონ ახალი გზები ამ 12 პუნქტის შესასრულებლად". ციმაკურიძის განმარტებით, ახალი გზების მოფიქრება საჭირო არ არის. მას მაგალითად "ოცნების" მიერ გაცხადებული დეპოლარიზაციის კომისიის შექმნა მოჰყავს და ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები ამას არ ითხოვს.

"ძალიან სამწუხარო იქნება თუ დეპოლარიზაციის კომისია შეიქმნება. იმუშავებს და საბოლოოდ აღმოჩნდება რომ ეს ის არ ყოფილა და მაინც არ გამოიწვევს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის. ასეთი არის "ქართული ოცნების" გეგმა კიდევ სხვა პუნქტებთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფებში მთელი რიგი საკითხები უკვე განხილული და ნამსჯელია, ამიტომ "ქართული ოცნების" გეგმა აცდენილია რეალობას.

მთავარი ჩვენი მოწოდება არის, რომ გამოავლინონ პოლიტიკური ნება და მიიღონ ის რეფორმები, რომელზეც ყველა შეთანხმდა და რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნება" არ ეთანხმება.

"ქართული ოცნების" გეგმა ისე გამოქვეყნდა, რომ ამაში ჩართული არავინ არ ყოფილა და მეტიც, კობახიძემ თქვა, რომ ცვლილებებს ეს გეგმა არ ექვემდებარება. ამიტომ პირველივე ნაბიჯიდან ეჭვს იწვევს ეს სიტყვები და დაპირება, რომ ჩართულობა სრულყოფილად იქნება უზრუნველყოფილიყო. ეს უკვე, სამწუხაროდ, ნდობას არ აღძრავს. თუ ჩვენ უნდა ვენდოთ ხელისუფლების განაცხადს იმიტომ, რომ 6 თვე არ არის დიდი დრო, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი დროა ამ პირობების შესასრულებლად, ყველაფერი დამოკიდებულია მათ პოლიტიკურ ნებაზე, ამიტომ ნდობის ასპექტი მნიშვნელოვანია.

ნდობას არ იწვევს ის ფატი, რომ ისინი გრძელი გზით მიდიან, მაგალითად სასამართლოსთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის წინააღმდეგი არავინ არ იქნება, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა და ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, მაგრამ ამავდროულად არის კონკრეტული საკითხები და ინიციატივები მოსაგვარებელი, რომელიც 2-3 დღეში შეუძლიათ მიიღონ. მაგალითად, რიგგარეშე საპარალამენტო სესია, რომ მოიწვიონ, რამდენიმე დღეში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღების წესი შეცვლილი იქნება, რადგან ასეთი ინიციატივა იქ უკვე არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან გაზრდის არამოსამართლე წევრების მნიშვნელობას იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრები კონსენსუსის წესით დაინიშნონ. ამას არ ამბობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება და მხოლოდ იმას ამბობს, რომ შექმნის სამუშაო ჯგუფს, იმუშავებს სამოქმედო გეგმაზე, სტრატეგიაზე და დააინფიცირებს კანონპროექტებს და ჩვენ რა გვრჩება? ან უნდა დაველოდოთ მართლა გააკეთებს თუ არა ამას და შემდეგ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდეთ ან უნდა მოვუწოდოთ ძალიან აქტიურად, რომ ეს არ არის საკმარისი და გვინდა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები აქედანვე იყოს მიღებული", - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც ინიცირებულია და პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. 

"ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კუთხით, დაბალი საარჩევნო ბარიერით, ეს დეპოლარიზაციის გეგმას მნიშვნელოვნად შეასრულებდა, მაგრამ ამას არ აპირებენ. დღესაც გააცხადეს, რომ ეს თითქოს არ არის 12 პუნქტის ნაწილი (საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება). 12 პუნქტში ეს პირდაპირ არ წერია. 12 პუნქტში წერია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება უნდა იყოს დაცული და შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება არის სწორედ საარჩევნო სისტემის ცვლილებაც", - დასძინა მან.

ინფორმაციისთვის, “ქართულმა ოცნებამ” EU-ს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.