მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ გვეშინია" - რესტორნების პასუხი ნათია თურნავას

601a8cbdd16be
ინგა მურუსიძე
03.02.21 15:10
2478

რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებლის, მერიკო გუბელაძის განცხადებით, 6 თებერვალს რესტორნები პროტესტის ნიშნად გაიხსნებიან, თუმცა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას არ გეგმავენ, ეს უბრალოდ პროტესტის ფორმა იქნება.

როგორც მან „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ეს პროტესტი არის უბრალოდ სასოწარკვეთილების ამოძახილი, რადგან უკვე თავის გადარჩენაზეა საუბარი.

„დღეისთვის 200-მდე რესტორანია თანახმა და ყველა ამ დღეშია, რასაც მე ვამბობ, რესტორნების სიას წინასწარ არ ვასაჯაროებთ. ეს არ იქნება მიმართული იქით, რომ რესტორნები გავხსნათ და ჩვეულ რეჟიმში დავიწყოთ მუშაობა, ხოლო როგორი ფორმა ექნება ამ ყველაფერს, მოგვიანებით ვიტყვით“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რესტორნები გახსნის შემთხვევაში სანქციებს დაექვემდებარებიან, მერიკო გუბელაძე ამბობს, რომ ამის არ ეშინიათ.

„ვიცოდით მთავრობა რასაც იტყოდა და ეს თავიდან ბოლომდე გააზრებული გვაქვს რას ვაკეთებთ. არ გვეშინია. ჩვენ არ ვართ უპასუხისმგებლო მოქალაქეები. პირადად მე მარტში ლოქდაუნამდე ერთი კვირით ადრე დავკეტე რესტორანი, რადგან არ მომწონდა ის, რაც ხდებოდა. არ მინდა ეს საზოგადოებამ უპასუხისმგებლობაში ჩაგვითვალოს - ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ნათია თურნავამ ისაუბრა დღეს დიალოგის შესახებ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ როცა ბოლო „დიალოგზე“ მივედით, იქ დაგვხვდა ერთი ფურცელი, რომელზეც ჩამოთვლილი იყო ქვეყნები, სადაც რესტორნები დაკეტილი იყო.

ეს ფურცელი აგვაფარეს და გვითხრეს, რომ იქ რესტორნები დაკეტილია. ლოგიკური იქნებოდა იქ მეორე ფურცელიც ყოფილიყო, რომელზეც ეწერებოდა, თუ როგორ დასუბსიდირდა დახურული რესტორნები იმ ქვეყნებში, როგორ დაეხმარნენ მათ. ეს ფურცელი არ ყოფილა. ჩვენ ვართ შეჯახებული ისეთ პრობლემებს, როგორიც არის ბანკები, ჩემს თანამშრომლებს აქვთ საბანკო ვალდებულებები. კომუნალური გადასახადები გაიზარდა 30%-ით, მთავრობამ ბანკებთან არ გვიშუამდგომლა. ერთი წელია ამ რეგულაციებს მივყვებით, მაგრამ უკვე სხვა გზა აღარ გვაქვს“, - განაცხადა მან.

 

გაფრთხილების მიუხედავად შაბათს რესტორნები მაინც გაიხსნება.