მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს გაყიდვები გაეზარდათ" - მთვრალაშვილი მიზეზებზე

64074d0168625
თათია ჩაფიჩაძე
09.03.23 13:35
830
საქართველოს მასშტაბით 1 400-მდე ბენზინგასამართი სადგურია, რომლის ნახევარი მსხვილი, ნახევარი კი მცირე და საშუალო ტიპის კომპანიებს ეკუთვნით - ამის შესახებ bmg-თან გლობალური სავაჭრო ქსელის გენერალურმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც გაყიდვების მაჩვენებლებიც მოწმობს.

მთვრალაშვილის ინფორმაციით, თუკი 10 წლის წინ ხუთ მსხვილ კომპანიაზე საწვავის გაყიდვების 80% მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 60%-მდე შემცირებულია.

ე.წ. არაბრენდირებულ ქსელებში გაყიდვების ზრდის მთავარი მიზეზი ფასია, რომელიც ხშირად 10-დან 25 თეთრამდე სხვაობას იწვევს.

„ბაზარი ძალიან მრავალფეროვანია და დიდი კონკურენციაა. ხუთი მსხვილი ბრენდირებული კომპანიის მიღმა არის ძალიან ბევრი კომპანია - 10-მდე, რომელიც ქსელური ტიპის განვითარებას ეწევა და მის მიღმა არის კიდევ ძალიან ბევრი გასამართი სადგური, რომლებსაც ერთეული სადგურები აქვთ. მთლიანობაში სტატისტიკას თუ შევხედავთ, დღეს არის 1 400-მდე გასამართი სადგური ქვეყნის მასშტაბით. 2021 წელს მათი რიცხვი 700 იყო, ანუ დაახლოებით ბოლო 10 წელში ორჯერაა გაზრდილი. თავისთავად ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ ინდუსტრია ვითარდება და დიდი კონკურენციაა. ფასები რომ ნახოთ, აბსოლუტურად აცდენილია, არის დაბალი და მაღალი ფასები. ფასთა სხვაობა შეიძლება იყოს 12,15,20, 25 თეთრიც კი. უხეშად რომ ვთქვათ, ბრენდირებული კომპანიების გაყიდვები 60%-მდეა, გასამართი სადგურების რაოდენობა კი დაახლოებით თანაბარია 50-50%-ზე.

გაყიდვებში უპირატესობა აქვთ ბრენდირებულებს, ისინი კომპანიები წლების განმავლობაში ვითარდებიან, მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ, მათ შორის მარკეტინგულ საქმიანობაში და ა.შ. თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ქსელებს, რომლებსაც უკვე საკუთარი ნიშა და ნდობაც აქვთ, გაყიდვები მნიშვნელოვნად გაეზარდათ.

ბოლო 10 წლიან ჭრილს თუ ავიღებთ, აქეთ იყო ალბათ 15-20%-მდე და 80%-მდე მოდიოდა ქსელურზე, ახლა ხედავთ რომ გათანაბრებას ბევრი არ უკლია. რაც გაყიდვებს ზრდის, ეს არის ფასი, ბოლო წლებში ფასები მნიშვნელოვნად იყო განსხვავებული, თავისთავად მომხმარებელი მითუფრო ამ ინფლაციის პირობებში, ხარისხთან ერთად დაბალ ფასიან პროდუქტს ეძებს. თუმცა გაყიდვები რადგან ეზრდებათ, აქ ნდობის თემაც შემოდის, ნდობის ნაწილში ბევრი მცირე და საშუალო ქსელი ამართლებს წონის და ხარისხის მხრივ მოლოდინებს. დღეს მომხმარებლის მოტყუება მარტივი არაა“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გლობალური სავაჭრო ჯგუფი საბითუმოდან საცალო ვაჭრობაში შესვლას და „გლობალის“ ბრენდის ქვეშ ახალი ბენზინგასამართი სადგურების გახსნასაც გეგმავს. თუმცა ვადები და გეგმები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

„საქართველოს ბაზარი პატარა, მაგრამ განვითარებადია და ჩვენ ვუყურებთ ამ ბაზარს როგორც საშუალებას იმისას, რომ ჩვენი კომპანია განვითარდეს. მიმდინარე ეტაპზე ჩვენ საბითუმო ვაჭრობით ვართ დაკავებული, თუმცა ვიხედებით წინ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე საცალო ვაჭრობაშიც ვიყოთ. შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და დროის რაღაც გონივრულ ვადაში ვფიქრობთ ჩვენი ბრენდის ქვეშ ვიყოთ წარმოდგენილი. ამ სეგმენტში შესვლა ძალიან რთულია კონკურენციის გამო, თუმცა ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურულად ვიყოთ საკმაოდ განვითარებულები.“ - ამბობს მთვრალაშვილი.