"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მილსადენით გასულ წელს მსოფლიო ბაზრებზე 233,17 მილიონი ბარელი ნავთობის მიწოდება განხორციელდა, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 255.7 მილიონი ბარელი იყო. შესაბამისად ტრანსპორტირებული ნავთობი გასულ წელს დაახლოებით 9%-ით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ თურქული მედია თურქეთის ნავთობის კორპორაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
შეგახსენებთ, "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენი, რომლის სიგრძეც 1776 კილომეტრია, კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანული ნავთობის საქართველოს გავლით მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებას ემსახურება. იგი ისტორიულ საერთაშორისო ენერგოპროექტს წარმოადგენს, რომელმაც გახსნის დღიდან, ანუ 2006 წლის 13 ივლისის შემდეგ 3,3 მილიარდი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება განახორციელა.
ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობის ტრანსპორტირება 2010 წელს მოხერხდა, მაშინ ტრანსპორტირებული ნავთობის რაოდენობამ 286,2 მილიონი ბარელი შეადგინა.