მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბატონო პრემიერო, ჩვენი გაჭირვება გვეყოფა და ნუ გვემუქრებით" - ლევან ქოქიაშვილი

601bfae22c932
ინგა მურუსიძე
04.02.21 18:00
1237

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეები გახსნას შეძლებენ. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღესვე ისიც დააანონსა, რომ "მიზანმიმართულად კანონდამრღვევი ორგანიზაციები", უმკაცრესად დაისჯებიან და სამომავლოდ მთავრობის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, ვერ ჩაერთვებიან სახელმწიფო პროგრამებში და ა.შ. გახარიას არ უსაუბრია კონკრეტულად, ვის გულისხმობდა, თუმცა, სავარუდოდ, მისი მიმართვა ეხებოდა 200-მდე რესტორანს, რომლებსაც გაცხადებული აქვთ, რომ 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას და თვითნებურად გახსნას გეგმავდნენ, რამდენადაც მთავრობა მათ მუშაობის უფლებას ამ დრომდე არ აძლევდა.

„მინდა მივმართო პრემიერს, ახლა ეს სფერო იმდენად გაჭირვებულია, რომ არავითარი აზრი არ აქვს მუქარას. გთხოვთ ნუ გვემუქრებით, ჩვენი თავები გაგვჭირვებია და მუქარა იწვევს ისედაც გაღიზიანებული ხალხის კიდევ უფრო გაღიზიანებას“, - აცხადებს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი.

ის რესტორატორებთან ერთად დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა, სადაც რესტორნების გახსნის საკითხზე იმსჯელეს.

როგორც ქოქიაშვილი განარტავს, კითხვები ისევ არსებობს და რესტორნების ღია სივრცეების გახსნა დარგს ბევრს არაფერს აძლევს.

„ამჟამად მსჯელობა მიდიოდა, თუ როგორი უნდა იყოს შეზღუდვები, ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ გარე სივრცეები იხსნება, ეს ჩვენთვის მიუღებელია და ვდილობთ გავერკვეთ, ეს გეგმის მიხედვით ხდება, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ პასუხები არ არსებობს. ჩვენ ისევ იგივე სიტუაციაში გვაგდებს ეს ყველაფერი, როგორშიც ვიყავით, რადგან უამრავ რესტორანს უბრალოდ გარე სივრცე არ აქვს. ერთი კარგი მესიჯი არის, რომ მერია გარე სივრცეებს დროებით უფასოდ გვითმობს...მთლიანობაში, სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება რესტორნებს ვერ გადაარჩენს“, - განაცხადა ქოქიაშვილმა.

ქოქიაშვილის თქმით, დღეს რესტორატორები შეხვედრას გამართავენ, სადაც გადაწყდება, კვლავ გაიმართება თუ არა საპროტესტო აქცია 6 თებერვალს.