მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომის“ ადმინისტრაცია ამ ჩიხიდან ვერ გამოვა“ - გაფიცვის მეორე დღე

629719d720aa4
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.22 12:00
923
„ბორჯომის“ ქარხანასთან დასაქმებულების გაფიცვის მეორე დღე დაიწყო. დასაქმებულების უფლებების დამცველი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ თანამშრომელთა გაფიცვა, რომელშიც ყველა მუშა ერთიანდება, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება და "IDS ბორჯომი" საქართველოს ადმინისტრაცია ამ ჩიხიდან ვერ გამოვა. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი განცხადებით, კომპანიის ადმინისტრაცია გაფიცვის პარალელურად ქარხნების ამუშავების იმიტირებას ცდილობს, თუმცა არ გამოსდის. გიორგი დიასამიძე თვლის, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ გაფიცული მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებაშია, რადგან კომპანიის მიერ ახალი ხელშეკრულებების წარდგენის დროს დასაქმებულები კომპანიის ახალ პირობებს გარკვეული პირობების სანაცვლოდ თანხმდებოდნენ, თუმცა კომპანიამ შეთანხმების ნაცვლად, უკანონოდ 50 მუშა გაათავისუფლა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, დასაქმებულებსა და კომპანიას შორის მედიაციის პროცესი 27 მაისს უშედეგოდ დასრულდა.

„კომპანიაში რამდენიმე დირექტორია და ერთ დასაქმებულზე ერთი უფროსი მოდის. მათ რეორგანიზაცია იმ ხალხის მიმართ განახორციელეს, ვინც მათთვის მიუღებელი იყო. ამ პროცესში არც ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელი და არც რომელიმე „სტეპლერების მენეჯერი“ არ გაუთავისუფლებიათ.

სიტუაცია იმდენად დაძაბულია, არ ვფიქრობთ, რაიმე სახის კომუნიკაცია შედგეს ადმინისტრაციასთან. მუშებს არც ივანე მაჭავარიანთან და არც მერაბ ახმეტელთან საუბარი არ სურთ; საუბარია იმაზე, რომ მათ გარდა, რომელიმე ზემდგომ პირს დაელაპარაკონ. ოღონდ არა ივანე მაჭავარიანს და მერაბ ახმეტელს, რადგან ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს დასაქმებულ მუშებს ბორჯომში მტრად გადაკიდებოდნენ. ამ ჩიხიდან ეს ადმინისტრაცია ვერ გამოვა“, - განაცხადა აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ.

დღეისთვის გაფიცულებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება;
2. ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
3. 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
4. იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება (ირაკლი სტეფნაძე და დავით აიწურაძე).


შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომის" მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს, მაგრამ კონკრეტული დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება, საწარმოო პროცესის აღდგენა და ქარხნის ამუშავება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეჩერებულია. მიზეზი კი კომპანიის მეწილის მიხაილ ფრიდმანის დასანქცირება გახდა, რის გამოც "ბორჯომის" ანგარიშები გაიყინა.

წარმოების გაჩერების შესახებ კომპანიის მიერ, აპრილის ბოლოს გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მხრიდან დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უთანხმოება წარმოიშვა. აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.