Alfa Group-ი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი, რომლის შემადგენლობაშიც Alfa Bank-თან ერთად IDS Borjomi International-იც შედის.
მიხაილ ფრიდმანი, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ $11.7 მილიარდად არის შეფასებული, ამ დროისთვის უმდიდრესი ოლიგარქია, რომელიც ომის წინააღმდეგ საუბრობს.
"მე დასავლეთ უკრაინაში დავიბადე და ვცხოვრობდი 17 წლამდე. ჩემი მშობლები უკრაინის მოქალაქეები არიან და დღემდე ცხოვრობენ ლვოვში, ჩემს საყვარელ ქალაქში. მაგრამ, მე ასევე გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, როგორც რუსეთის მოქალაქემ, სადაც ვაშენებდი და ვზრდიდი ბიზნესს. უკრაინელ და რუს ხალხთან მჭიდრო კავშირი მაქვს და დღევანდელ კონფლიქტს ორივე მხარისთვის ტრაგედიად ვაფასებ.
მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც პასუხისმგებელია ჩემი ათასობით თანამშრომლის წინაშე რუსეთსა და უკრაინაში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ომი ვერასოდეს იქნება გამოსავალი, ეს კრიზისი გამოიწვევს სიცოცხლის უდიდეს დანაკარგს ორი ერისთვის, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში ძმობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ გამოსავალი საშინლად შორს მეჩვენება, მე შემიძლია შევუერთდე მხოლოდ მათ, ვისი მხურვალე სურვილია სისხლისღვრის დასრულება. დარწმუნებული ვარ, ჩემი პარტნიორები იზიარებენ ჩემს შეხედულებას,"- აღნიშნა ფრიდმანმა თანამშრომლებისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში.
მიხაილ ფრიდმანი არის Alfa Group-ის დამფუძნებელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ასევე ლუქსემბურგში რეგისტრირებული საინვესტიციო ჰოლდინგის LetterOne-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
Alfa Group-ის ჰოლდინგში 8 კომპანია და მათ შორის, თავად "ალფა ბანკიც" ერთიანდება. ამ რვა კომპანიიდან ერთი - IDS Borjomi International-ია, რომლის შემადგენლობაშიც “აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალიც” შედის.
IDS ბორჯომი საქართველო:
“აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი" საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებებს საჯაროდ აქვეყნებს. Reportal-ისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს $119.7 მილიონი დოლარი, ზარალი კი 64.3 მილიონი დოლარი იყო. 2019 წელს კი კომპანიამ $140.17 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მისი წმინდა მოგება კი $17.3 მილიონი დოლარი იყო. თავად “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” ძირითად ბრენდებს “ბორჯომი”, “ლიკანი”, “ბაკურიანი” და “მიტარბი” წარმოადენს.
თუმცა, IDS Borjomi International-ის აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს.
ფინანსური დოკუმენტის თანახმად, “აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალის" 60%-იან წილს “Alfa Group”-ი ფლობს, 40% კი მინორიტარი აქციონერების საკუთრებაშია, თუმცა ამ აქციონერების ვინაობა დოკუმენტში დასახელებული არაა.
ცნობილია ის, რომ 2013 წლამდე IDS Borjomi International-ის ძირითად აქციონერს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საინვესტიციო ფონდი წარმოადგენდა. ამ აქტივებს პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე განკარგავდა, რის შემდეგაც კომპანიის საკონტროლო პაკეტი “Alfa Group”-მა შეიძინა. უცნობია წარმოადგენს თუ არა ამჟამად პატარკაციშვილების ოჯახი IDS Borjomi International-ის მინორიტარ (40%-ის მფლობელ) აქციონერს.