მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენს ქსელში ფასი არცერთი თეთრით არ შეიცვლება" - "ვისოლი" დიზელის "ევრო 5" სტანდარტზე გადასვლას აფასებს

63a9a99e55244
ელენე გოგბერაშვილი
27.12.22 09:35
853
მომავალი წლიდან ბენზინგასამართ სადგურებზე მხოლოდ "ევრო 5" სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი გაიყიდება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა, ძალაში მომავალი წლიდან შევა.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, ახალი რეგულაცია ბაზარზე დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს, რადგან ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ძირითადად "ევრო 5" სტანდარტის საწვავის იმპორტი ხორციელდება. ვასილ ხორავას განცხადებით, ფასების ცვლილებას მომხმარებელი ძირითადად იმ სადგურებზე იგრძნობს, სადაც დაბალი სტანდარტის შესაბამისი დიზელის რეალიზაცია ხორციელდება.

„ეს სტანდარტი არის უფრო ეკომეგობრული და უფრო მისაღები ცივილური სამყაროსთვის. ფასების პარამეტრით ნებისმიერი გაფილტვრა, გადამუშავება და ნავთობპროდუქტების უვნებლობა დაკავშირებულია სიძვირესთან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის შემთხვევა, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში მეზობელმა ქვეყნებმა, საიდანაც ხდებოდა ისტორიულად იმპორტი, მათ შორის აზერბაიჯანმა, ტექნოლოგიურად მოახდინეს ქარხნების მოდერნიზება. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ეს ეკოსტანდარტები იქ გათვალისწინებულია და ხარისხობრივი პარამეტრები დაცულია, შესაბამისად თუ ეს 4-5 წლის წინ იქნებოდა ძალიან მტკივნეული, ძალიან დიდი ნახტომი შეიძლება ყოფილიყო ფასში - 15-20 თეთრი, დღეს ეს ნიშნული დაყვანილია მინიმუმზე.

2022 წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, უფრო მეტად იმპორტირებულია "ევრო 5", ვიდრე "ევრო 4", როდესაც წლების წინ ეს სტატისტიკა იყო პირიქით. ჩვენ 2020-2022-ში გადასული ვიყავით "ევრო 5"-ის სტანდარტზე, თუმცა კარები ღია იყო "ევრო 4"-სთვის. ბოლო წლებში ლომის წილი ჰქონდა "ევრო 4"-ს და ბუნებრივია იმ პერიოდში "ევრო 5"-ზე გადასვლა გამოიწვევდა დიზელის შესამჩნევ გაძვირებას, თუმცა დღეს იმდენად ადაპტირდა ბაზარი "ევრო 5"-ზე, რომ მხოლოდ ის იმპორტიორები გააკეთებენ პორტირებას "ევრო 5"-ზე, რომელიც დაბალი ხარისხით და დაბალი ფასით სარგებლობდა, თორემ ჩვენს ქსელში არცერთი თეთრით ფასი არ შეიცვლება“, - განმარტავს ვასილ ხორავა.

ცნობისთვის, როგორც რეგულარის, ისე დიზელის ტიპის საწვავის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის რუსეთის ფედერაცია გახდა. 11 თვის სტატისტიკით, რუსეთს ნავთობპროდუქტების იმპორტში 45% უჭირავს.