მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავალიანებას არ გადავიხდით, ეს პრინციპის საკითხია" - „ტრეფიკ თრეველის“ ანგარიშები დაყადაღებულია

6075eb8aa3737
თამთა ჯიჯავაძე
13.04.21 23:05
915
„ტრეფიკ თრეველის“ ანგარიშები დაყადაღებულია - ინფორმაცია „საქმის კურსს“ კომპანიის დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ მიაწოდა. მისი თქმით, კომპანიების ანგარიშებს ყადაღა პანდემიის დაწყების დროს დაადეს და მიუხედავად რამდენიმე მიმართვისა, თანხების ჩამოწერა არ მომხდარა.

„ისტორია დაიწყო შარშან, როცა პანდემია იყო, ჩვენ შეჩერებული გვქონდა საქმიანობა. უბრალოდ, პირველ სამ თვეში ვიმუშავეთ, შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გარკვეული რაოდენობა დაგროვდა - ჯამში, 1600 ლარამდე. შარშან, დაახლოებით, ნოემბერში დააყადაღეს კომპანიის ანგარიში. შემდეგ მივმართეთ შემოსავლების სამსახურს, რომ ჩამოწერილიყო ეს გადასახადები, იმიტომ რომ ჩვენი სფერო პანდემიის კრიზისის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული იყო. არაერთი თხოვნის შემდეგ ყადაღა არ მოხსნეს. არც პასუხი არ გაუციათ ოფიციალურად“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ამჟამად დავალიანება, დაახლოებით, 500 ლარამდეა, დანარჩენს სახელმწიფოს შეღავათები შეეხო, თუმცა ჯაფარიძის თქმით, ის არ აპირებს არც ამ თანხის გადახდას და „ეს პრინციპის საკითხია“.

„წლების განმავლობაში ჩვენ ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, დოვლათს და ვასაქმებდით ხალხს, გადასახადებს პატიოსნად ვიხდიდით და ქვეყანაში მნიშვნელოვანი ოდენობის უცხოური ვალუტა შემოგვქონდა, ხოლო როცა გაგვიჭირდა, არანაირი დახმარება არ მიგვიღია სახელმწიფოსგან, ის მაინც გაეკეთებინათ, რომ გვერდში დაგვდგომოდნენ და დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერათ. ეს არ გააკეთეს და ახლა უკვე პრინციპის საკითხია. 50 ლარიც რომ იყოს გადასახდელი, პრინციპის გამო არ გადავიხდი. არ ვთვლი, რომ ეს თანხა უნდა გადავიხადო. სახელმწიფოს გვერდში დგომა უნდა ვიგრძნოთ“, - განაცხადა „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა.