მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტრონული კომუნიკაციების" კანონპროექტი ცვლილებების შემდეგაც არაკონსტიტუციური რჩება - "კავკასუსი"

5f0c921ad4e4d
სალომე მეცხვარიშვილი
14.07.20 10:10
1226
კომუნიკაციის კომისიის მიერ კომპანიაში დანიშნულ სპეციალურ მმართველს აქციებისა და წილების გახსვისება აღარ შეეძლება; სპეციალური მმართველი ორგანიზაციაში დარჩება არა 2 წლის ვადით, არამედ იქამდე, სანამ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას არ აღასრულებს - სწორედ ეს არის ის ცვლილებები, რომლებიც დიდი ალბათობით "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონოპროექტში შევა. კანონპროექტი კი საკმაოდ რეზონანსულია. გასულ კვირას პარლამენტში გამართული ხმაურიანი განხილვის შემდეგ მხარეებს შორის დისკუსია დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა და პარლამენტი და კომუნიკაციების კომისია, ჯერჯერობით, ამ რედაქციაზეა ჩამოყალიბებული. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რესურსი კონსესუსითვის კიდევ არსებობს, პარლამენტი კი კანონპროექტის განხილვას 14 ივლისს გააგრძელებს.

როგორ აფასებს მოდიფიცირებულ კანონპროექტს თავად ბიზნესი? "კავკასუს ონლაინის" დირექტორი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ დაანონსებული ცვლილებები უბრალოდ ფიქციაა და მას ისევე შეუძლია საკუთრების უფლების შეზღუდვა, როგორც პირვანდელ ვერსიას.

“მიუხედავად იმისა, რომ აქციების გასხვისების შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიას დაეკარგა, ეს ცვლილება მაინც არის ფორმალური. შინაარსობრივად ის დარჩა იგივე - არაკონსტიტუციური: დროებით მმართველს შეეძლო და ისევ შეუძლია იყოს დირექტორიც, სამეთვალყურეო საბჭოც, რომელიც განკარგავს კომპანიის მოგებას, დივიდენდის განაწილების შესაძლებლობას, მმართველი ხსნის და ნიშნავს თანამშრომლებს. ასევე შეუძლია გააუქმოს კომპანიაში უკვე დადებული კონტრაქტები - ამის უფლება დღეს არც გენერალურ დირექტორს აქვს და არც დირექტორთა საბჭოს, არც აქციონერს. ყველას ერთადაც არ აქვს ასეთი შესაძლებლობები, რაც აქვს დროებით მმართველს”,- ამბობს რევაზ კოპალაძე.

მისივე თქმით, მართალია, სპეციალურ მმართველს დიდი უფლებამოსილებები ექნება კომპანიაში, მაგრამ რეალურად ვერ შეძლებს, შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის დავალება და მაგალითად “კავკასუს ონლაინის” შემთხვევაში კომპანიის გასხვისებული წილები პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოს, რასაც მარეგულირებელი უკვე თვეებია ითხოვს.

“დროებითმა მმართველმა შეიძლება საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოაჩინოს კომპანია - ფინანსური, ხარისხობრივი კუთხით.

წარმოიდგინეთ ასეთ პირობებში, სადაც აქციონერი ვერ გრძნობს თავის საკუთრებას, არ ჰყავს დირექტორთა საბჭო და გენერალური დირექტორი პარალიზებული ჰყავს, ეს ყველაფერი კი სპეციალურ მმართველს აბარია, რომელიც არც დივიდენდს ანაწილებს. როგორ წარმოგიდგენიათ ან ინვესტიცია ან პარტნიორებთან ურთიერთობა?!”,- აცხადებს რევაზ კოპალაძე.

ახალი კანონის მიღებისკენ  კომუნიკაციების კომისიას, როგორც ჩანს, სწორედ "კავკასუს ონლაინის" შემთხვევამ უბიძგა. ჯერ კიდევ გასულ წელს "კავკასუს ონლაინის" 49%-იანი წილი აზერბაინაჯელ ბიზნესმენზე გასხვისდა, აღნიშნული ტრანზაქცია კი კომპანიამ მარეგულირებელთან არ შეათანხმა. სწორედ ამიტომ კომისია უკვე თვეებია ითხოვს, კავკასუსის აქციების პირვანდელ რეჟიმში დაბრუნებას, ამისთვის სანაქციებსაც იყენებს, თუმცა, მიზანს ვერ აღწევს.