"სვანეთში კრიპტოვალუტების საწარმოების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას", - ამის შესახებ BM.GE-ს "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, რომელიც საქართველოს რეგიონების ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.
BM.GE დაინტერესდა, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, დაიწყო თუ არა კრიპტოვალუტების მწარმოებელი დანადგარების იდენტიფიცირება, რაზეც კომპანიამ 31 ოქტომბერს განაცხადა.
"ვადასტურებთ, რომ კვლავ მწვავედ დგას კრიპტოვალუტების საწარმოების პრობლემა სვანეთში. თუ გაგრძელდა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ეს ტენდენცია მომავალშიც, საკმაოდ გაგვიჭირდება მხარის სტაბილური ენერგომომარაგება. ვცდილობთ, რომ აღრიცხვა მაინც ვაწარმოოთ მოხმარებული ელექტროენერგიის, თუმცა მხოლოდ ჩვენი მცდელობა ვერ გამოასწორებს სიტუაციას, საჭიროა უფრო კომპლექსური და მასშტაბური ნაბიჯების გადადგმა სხვადასხვა უწყების მხრიდან", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".
ამ პრობლემაზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ ენერგო-პრო ჯორჯიასთან ერთად, სვანეთში ელექტროენერგიის გადასახადის ამოღების საკითხით სხვა უწყებებიც არიან დაინტერესებულნი და გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
"კრიპტოვალუტის წარმოება და ამისთვის ელექტროენერგიის გამოყენება ბოლო თვეების განმავლობაში შემცირებულია. არ ვიცი, ამის მიზეზი რა არის - ფასი, თუ სხვა რამ. რაც შეეხება სვანეთში სიტუაციას, ეს ცნობილი ფაქტია, ისტორიულად ასეთი სიტუაციაა, რომ მოსახლეობა და საერთოდ მომხმარებელი ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის. ეს საკმაოდ რთული პრობლემაა, კომპლექსური გადაწყვეტა სჭირდება, „ენერგო-პრო“ აყენებს ამ საკითხს და პერიოდულად განიხილება სემეკ-ში. მე დარწმუნებული ვარ, რაღაც გადაწყვეტილებები აუცილებლად იქნება მიღებული უახლოეს პერიოდში", - აღნიშნა თვალაბეიშვილმა.