მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენგურჰესის" რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყება - ჰესი 3 თვე სრულად გაჩერდება

5fbd1c34bf888
ინგა მურუსიძე
24.11.20 22:00
3773
საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის ორჯერ (2018 და 2019 წლებში) გადადებული რეაბილიტაცია 2021 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყება და 3 თვე გაგრძელდება. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი - 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე, "ენგურჰესის" ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება. 

როგორც bm.ge-ის "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განუცხადა, ჰესის წყალსაცავის დაცლის პროცესი იანვარში დაიწყება; სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც სწორედ მის დაცლაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ის 20 იანვარს არ გადაცდება.

ლევან მებონიას თქმითვე, რეაბილიტირებული "ენგურჰესი", რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს, 30 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში ისევ ამუშავდება, თუმცა ამ დროის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკის სექტორს 300 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება. 

"ენგურჰესის" 3 თვით გაჩერება გამოწვევას წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთისთვისაც, რომლის მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება და ამ პერიოდის განმავლობაში კი, მისი შესყიდვა რუსეთისგან მოუწევს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზამთარში "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ფაქტობრივად, 100%-ს ოკუპირებული რეგიონი მოიხმარს, ზაფხულის სეზონზე კი, ბოლო წლებში ეს მაჩვენებლი 50%-60%-ის ფარგლებშია; არადა 1990-იან წლების ზეპირი შეთანხმების მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის 40% - აფხაზეთმა, ხოლო - 60% საქართველოს დანარჩენმა რეგიონებმა უნდა მოიხმაროს. 

"ენგურჰესის" რეაბილიტაციის პერიოდში, აფხაზეთის სრული მომარაგება რუსეთისგან მოხდება, ხოლო როცა ჰესი გაეშვება, პროცესები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. რაც შეეხება რეაბილიტაციის ეფექტს, მისი მიზანია ავარიის პრევენცია, რომელმაც შეიძლება ელექტროსადგურის დიდი ხნით გაჩერება გამოიწვიოს. 2018 წელს ჩვენ ჰესი გავაჩერეთ 10 დღით და რაც შეიძლებოდა, მაშინ გაკეთდა. ასევე, ახლა დაახლოებით 250 მლნ/კვტ.სთ-ის ექვივალენტი წყალი იკარგება ახლა გვირაბიდან; არის გაჟონვები. ასეთ მოკლე დროში 15,5 კმ. გვირაბის სრული რეაბილტაცია ვერ მოხდება და საუბარია 2.5 კმ-ის რეაბილიტაციაზე. ილუზია არ გვაქვს, რომ ეს გაჟონვები სრულად აღმოიფხვრება, თუმცა დარწმუნებული ვართ, დაახლოებით 30%-35%-ით აღმოიფხვრება პრობლემა, რაც წელიწადში, დაახლოებით, 100-120მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას ნიშნავს", - განმარტავს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 

bm.ge-ის კითხვაზე - ხომ არ დაგვიანდა რეაბილიტაცია, რომელიც 2018-2019 წლებშიც იგეგმებოდა და გადაიდო, ლევან მებონია აცხადებს, რომ გარკვეული დრო საკონსულტაციო კომპანიის გამოვლენას, ასევე, EBRD-თან თანხის გამოყოფის შეთანხმებას და სხვა პროცესებს დასჭირდა. 

"არ იყო კატასტროფული მდგომარეობა, თორემ, რა თქმა უნდა, აქამდეც გავაჩერებდით. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. რეაბილიტაცია დაგვიანებული არაა. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მლნ ევროა; აქედან გვირაბის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება, დაახლოებით, 15 მლნ ევრო. 48 მილიონიდან, რომელიც საქართველოს EBRD-მა გამოუყო, 7 მლნ არის ევროკომისიის გრანტი, რომელიც ჰიდროელექტროსადგურამდე გზის მშენებლობას და გერმანული საკონსულტაციო კომპანია „ლამაიერის“ მომსახურეობას მოხმარდება. სესხი 13-წლიანია და პირველი სამი წელი საშეღავათო პერიოდი გვაქვს“, - ამბობს მებონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები