14.ივლისი .2020 12:25

ეს არის შეთანხმების შედეგად შემოსული პროექტი - თალაკვაძე ელ.კომუნიკაციების კანონპროექტზე

views 993
უკან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროქტში დადგემილ ცვლილებებზე სექტორთან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თქვა, "ყველა ცდილობს, მაქსიმალურად კონსესუსური ცვლილებები იქნას მიღებული".

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ არც ის ესმის, თუ რატომ განიხილავს პარლამენტი ინიციატივას დაჩქარებულად, მით უმეტეს მაშინ, როცა დოკუმენტის საბოლოო ვერსია არ არსებობს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა თავის გამოსვლაში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონ-პროექტის განხილვა დღეს დილის საათებში იყო ჩანიშნული, მაგრამ გადაიდო, რადგან „ბოლო ტექსტი არ არსებობს“. „მაინც აპირებთ ხომ განხილვას?“, - ჰკითხა კაპანაძემ თალაკვაძეს და იქვე დასძინა, რომ მისთვის გაუგებარია, როცა მსგავსი კანონპროექტების განხილვა, სადაც მხარეებს შორის კონსესუსი არაა ხდება, დაჩქარებული წესით ხდება, განსხვავებით დეპუტატ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებას მოიცავს და რომლის დაჩქარებული წესით განხილვა ბესელიამ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძის კითხვა-რეპლიკის საპასუხოდ თქვა, რომ კანონ-პროექტები, რომელიც დაჩქარებული წესით შემოდის, შეთანხმების შედეგად ინიცირებული ინიციატივებია.

„რაც შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონ-პროექტში ცვლილებებს, როგორც ჩანს, თქვენ განსაკუთრებული დაინტერესება გაქვთ ამ საკითხზე და ღრმად ხართ ჩახედული. აქ საკითხი ეხება ქვეყნისთვის სტრატეგიულ კრიტიკულ ინფრასტრქტურას და სახელმწიფოს აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყოს დაცული და უსაფრთხოების სტანდარტი ამ მიმართულებით იყოს უზრუნველყოფილი. დანაჩენ ყველა სადავო საკითხზე გვაქვს სამუშაო პროცესი სექტორთან და მათთან ერთად ვცდილობთ, რაც შეიძლება ფართო კონსესუსით მივიღოთ ცვლილებები.

დაჩქარებულზე (იგულისხმება კანონ-პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა) მე გითხარით, რა ლოგიკასაც ავითარებთ ეკა ბესელიას ინიციატვაზე, ის ლოგიკაა დანარჩენ ინიციატივებზე. დაჩქარებული წესით რაც შემოდის, ეს არის შეთანხმების შედეგად ინიცირებული პროექტები. თქვენ არ გეგონოთ, რომ აქ რამე ისეთი შემოვიდა და ჩვენ ისეთს დავუჭირეთ მხარი, რომელზეც მხარეებს შორის შეთანხმება არ არის.

ამიტომ რაზეა საუბარი და საერთოდ, რას აპელირებთ ამ დაჩქარებულ ინიციატივებზე? რომელიმე ისეთი კანონპროექტი იყო, რომელიც არასაჭირო იყო და არასწორ ადგილას იქნა მიღებული? იყო ასეთი რომელიმე?“, - მიმართა სერგი კაპანაძეს არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის: კომუნიკაციის კომისიის მიერ კომპანიაში დანიშნულ სპეციალურ მმართველს აქციებისა და წილების გახსვისება აღარ შეეძლება; სპეციალური მმართველი ორგანიზაციაში დარჩება არა 2 წლის ვადით, არამედ იქამდე, სანამ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას არ აღასრულებს - სწორედ ეს არის ის ცვლილებები, რომლებიც დიდი ალბათობით "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონოპროექტში შევა. კანონპროექტი კი, საკმაოდ რეზონანსულია. გასულ კვირას პარლამენტში გამართული ხმაურიანი განხილვის შემდეგ მხარეებს შორის დისკუსია დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა და პარლამენტი და კომუნიკაციების კომისია, ჯერჯერობით, ამ რედაქციაზეა ჩამოყალიბებული. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რესურსი კონსესუსითვის კიდევ არსებობს, პარლამენტი კი კანონპროექტის განხილვას დღეს გააგრძელებს.