მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იმპორტიორებთან, პოპულისტებთან და ეგოისტებთან წაგებული ომია" - ოსინოვსკი “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო კამპანიაზე

61a13e4e80f3b
შოთა ტყეშელაშვილი
26.11.21 23:20
728
ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტის “ნამახვანჰესის” მშენებლობის შეჩერებას Forbes Talks-ის ფორმატით გამოეხმაურა.

ბიზნესმენი, რომელიც თავად არის კინტრიშის ჰესის ინვესტორი და ამასთანავე, კიდევ ორი მცირე ჰესის მშენებლობას გეგმავს, მიიჩნევს, რომ “ნამახვანჰესის” მშენებლობის შეჩერება პროექტის წინააღმდეგ აგორებულმა კამპანიამ განაპირობა, თავად პროტესტი კი ინსპირირებული იყო სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის ელექტროენერგიის იმპორტიორების, ასევე პოპულისტური ჯგუფების მხრიდან.

“თუ შევაჯამებთ, ეს არის ტერორისტული ჯგუფი, კლასიკური ტერორისტები, რომლებიც მოდიან და საზოგადოებისგან რაღაცას ითხოვენ... აი, მაგალითად, პირობითად, ეგოისტი ბებია ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს, თუ ელექტროენერგიას ვყიდულობთ სხვა ქვეყნებისგან და ამით ამ ქვეყნებში სამუშაო ადგილებში ინვესტირებას ვაკეთებთ, მე არ მაინტერესებს. მე მინდა, ჩემს სოფელში, პატარა სახლში ვიცხოვრო, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების გარეშე იქ ცხოვრება შეუძლებელია და უკვე ყველა გადასახლდა. მაგრამ ამბობს, რომ მას ასე უნდა და არ აინტერესებს დანარჩენი საქართველო და ფიქრობს, რომ არაფერია, თუ მასწავლებელი, მაგალითად, აზერბაიჯანს გადაუხდის ფულს ელექტროენერგიისთვის. ეს არის წმინდა წყლის ეგოიზმი. მეორე არის იმ ხალხის კატეგორია, რომლებიც ასეთ თემებზე პიარს იკეთებენ და წვავენ ხეებს იმისთვის, რომ კოცონთან გათბნენ, რომლებისთვისაც მთავარია, იყოს მიზეზი და მზად არიან იმაზე ააგონ პიარკამპანია, რომ რაღაცებს იცავენ. და, რა თქმა უნდა, ძირითადია ის ხალხი, ვისაც იმპორტიორები აფინანსებენ.

მე ასე ვიტყოდი: ეს იმპორტიორებთან, პოპულისტებთან და ეგოისტებთან წაგებული ომია. იმიტომ რომ არგუმენტები, რომლებიც იქ ისმის... აი, მაგალითად წყალსაცავი, ტბა ფაქტობრივად, რომელიც ამ პროექტის მიხედვით უნდა გაკეთებულიყო, თუკი კაშხალი მოეწყობოდა, ამბობდნენ, რომ კლიმატს გააუარესებს. ადამიანების 99%-ს წყლის გვერდით ცხოვრება უნდა. ადამიანები საკუთარი სახლის ეზოებში აუზებს აკეთებენ, წყლის გვერდით ცხოვრება ყველას უნდა და მათი არგუმენტია, რომ მათ ეს არ სურთ. ან, მაგალითად, ამბობენ, რომ კლიმატი შეიცვლება. კარგია, რომ შეიცვლება, უკეთესობისკენ შეიცვლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კაშხალი აუმჯობესებს მდინარის ეკოლოგიას, იმიტომ რომ, როცა თოვლი დნება და არის წვიმები, მდინარე საკუთარ კალაპოტს სცდება და ანადგურებს სახლებს, ადამიანებს, თევზებს და ყველაფერ დანარჩენს. კაშხლის არსებობის შემთხვევაში წყლის დინება არის თანაბარი და, რა თქმა უნდა, ეს მდინარისთვის არის უკეთესი. ამაში საკამათოც არაფერია. ანუ იქ არც ერთი პრაგმატული არგუმენტი არ არის,”- ამბობს ოლეგ ოსინოვსკი.

შეგახსენებთ: კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.

ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი, საქართველოში მსხვილ პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მის საინვესტიციო ჰოლდინგს ეკუთვნის “თბილისი ჰილსის” პროექტი, რომელიც თბილისის მახლობლად, გარდაბანში 331 ჰექტარის უძრავ ქონებას მოიცავს.