მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროობლიგაციების კუპონის განაკვეთი 5%-ის ფარგლებში იქნება" - ფინანსისტის პროგნოზი

6076a64d311b6
თათია ჩაფიჩაძე
14.04.21 12:18
811
ფინანსისტ ირაკლი ერაძის პროგნოზით, საქართველო 500 მლნ დოლარის ევრობონდების უფრო დაბალ პროცენტში განთავსებას შეძლებს, ვიდრე ეს ქვეყანამ 2011 წელს მოახერხა.

საქმე ისაა, რომ საქართველო ახალ, $500-მილიონიან ვალს იღებს, მაგრამ მისი განაკვეთი ჯერჯერობით არ დადგენილა. საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ინვესტორებთან ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც ფინანსთა სამინისტრომ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვების თაობაზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე განაცხადი 13 აპრილს გამოქვეყნდა. ამ საგარეო ვალის მოზიდვაში საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები JP Morgan-ი, Goldman Sachs-ი, ICBC Standard-ი და ქართული საფინანსო ინსტიტუტები TBC Capital-ი და Galt & Taggart-ი ეხმარებიან.

ირაკლი ერაძე ვარაუდობს, რომ გაუმჯობესებული სუვერენული რეიტინგის გამო ევროობლიგაციების კუპონის განაკვეთი 5%-ის ფარგლებში იქნება.

„მოგეხსენებათ, 2008 წელს აღებულ $500-მილიონიან ვალს, რომლის რეფინანსირება 2011 წელს გავაკეთეთ, უბრალოდ, ვადა გაუვიდა და იძულებულები ვართ, ასე მოვიქცეთ ანუ ახალი ევრობონდები გამოვუშვათ. რატომღაც საზოგადოებაში ითვლება, რომ ამ ვალის აღებით რაღაც ცუდი ხდება, არაა ასე, რადგან ვალით ვისტუმრებთ ვალს. ჩვენ გვქონდა 500 მლნ დოლარის ვალი, რომლის პროცენტს ვიხდიდით 6.8%-ის ფარგლებში; ამ შემთხვევაში რეალურად დიდი შანსია, რომ ამაზე ნაკლებ პროცენტში ვისესხოთ $500 მლნ. მოლოდინი იმისა, რომ კუპონის განაკვეთი უფრო დაბალი იქნება, არსებობს, რადგან მას შემდეგ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდა. ამის გარდა, ევრობონდების მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ინტერესი ნელ-ნელა მზარდია, ვინაიდან ისინი ელოდებიან დოლარის გაუფასურებას; ამდენად, კარგი დაბანდება შეიძლება იყოს გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა, შესაძლოა, თავისი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდოს, შესაბამისად, უკეთესი გახდეს ბონდები თანხის დასაბანდებლად ანუ ინტერესს ემატება ჩვენი სუვერენული რეიტინგი და ამაზე დაყრდნობით მოლოდინია, რომ კუპონის განაკვეთი 6.8%-დან ჩამოვა და 5%-ის ფარგლებში იქნება“, - აცხადებს ირაკლი ერაძე.